ინგლისის ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა და ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთს შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ნიდერლანდებისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. საინტერესო და დაძაბული შეხვედრა საბოლოოდ ინგლისელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. საუთგეიტის გუნდი ფინალში ესპანეთს შეხვდება.

ფაქტები

  • 19 წლის კობი მეინუ ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც დიდი ტურნირის ნახევარფინალურ შეხვედრაში ითამაშა.
  • ხავი სიმონსის მიერ მე-7 წუთზე გატანილი გოლი მეორე ყველაზე სწრაფი გოლია ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში. ყველაზე სწრაფი გოლი ალან შირერმა 1996 წლის ნახევარფინალში, მე-3 წუთზე გერმანიას გაუტანა.
  • ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ჰარი კეინს ისტორიაში ყველაზე მეტი, 6 გოლი აქვს გატანილი.
  • 21 დღისა და 80 დღის ხავი სიმონსი მეორე ყველაზე ახალგაზრდა ნიდერლანდელი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გოლი გაიტანა. ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე პატრიკ კლუივერტია, მან 1996 წელს ინგლისს 19 წლისა და 353 დღის ასაკში გაუტანა.
  • ბოლო 4 დიდ საერთაშორისო ტურნირზე ჰარი კეინს 15 გატანილი გოლი დაუგროვდა.
  • ინგლისის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა ზედიზედ მეორედ მოახერხა. ევრო 2020-ის გადამწყვეტ შეხვედრაში საუთგეიტის გაწვრთნილი გუნდი იტალიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

7′ წუთი. საკუთარ ნახევარზე შეცდომა დეკლან რაისმა დაუშვა. ნიდერლანდების ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ხავი სიმონსმა ამით ისარგებლა და შორეული დარტყმით თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

18′ წუთი. საკუთარ საჯარიმოში ნიდერლანდების ნაკრების მცველმა, დენზელ დუმფრისმა ჰარი კეინის წინააღმდეგ წესები დაარღვია. ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ გერმანელმა მსაჯმა, ფელიქს ცვაიერმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად კეინმა ზუსტად შეასრულა. „ბაიერნის“ თავდამსხმელისთვის ეს ევრო 2024-ზე მესამე გოლი იყო.

23′ წუთი. ინგლისის ნაკრებს დაწინაურება სწრაფადვე შეეძლო. ფილ ფოდენმა საჯარიმოში კარგად ითამაშა, ბურთი კარში გადაგზავნა, თუმცა ხაზიდან მისი გამოტანა დენზელ დუმფრისმა მოახერხა.

მატჩის მეორე ნახევარში არცერთი გუნდი რისკავდა. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა.

90+1′ წუთი. ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში შეცვლაზე შესული ფეხბურთელების გათამაშებული კომბინაცია გოლით დასრულდა. კოულ პალმერმა საჯარიმოში ოლი უოტკინსს გადააწოდა, „ასტონ ვილას“ ფეხბურთელის დარტყმა კი ნიდერლანდების ნაკრების მეკარემ, ვერბრიუგენმა ვერ მოიგერია.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალი 14 ივლისს ბერლინში გაიმართება. ინგლისის ნაკრებს კონტინენტის პირველობის მოგება ისტორიაში პირველად შეუძლია, ხოლო ესპანეთი მეოთხე ტიტულისთვის იბრძოლებს.