ინგლისის პრემიერლიგაში სენსაციურად დასრულდა 25-ე ტური. მოქმედმა ჩემპიონმა, „ჩელსიმ“ საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით – 0:3 წააგო „ბორნმუთთან“.
გოლები მეორე ტაიმში უილსონმა, სტანისლასმა და აკემ გაიტანეს. ამით შეწყდა ანტონიო კონტეს გუნდის რვამატჩიანი წაუგებელი სერია.
მარცხის მიუხედავად, „ჩელსიმ“ შეინარჩუნა ადგილი პირველ ოთხეულში, მაგრამ მას ორ ქულამდე მიუახლოვდა „ტოტენჰემი“, რომელმაც ტურის ცენტრალურ მატჩში საკუთარ მოედანზე მოუგო „მანჩესტერ იუნაიტედს“ – 2:0. ანგარიში მე-11 წამზე გახსნა კრისტიან ერიქსენმა, რის შემდეგაც, 28-ე წუთზე ფილ ჯოუნსმა საკუთარ კარში გაიტანა.
„ტოტენჰემმა“ შვიდ მატჩამდე გაზარდა თავისი წაუგებელი სერია, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კი რვამატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
„იუნაიტედის“ მარცხის შემდეგ, „მანჩესტერ სიტის“ უპირატესობა ჩემპიონატში 15 ქულამდე გაიზარდა. ლიდერმა ფერნანდინიოს, დე ბრუინისა და აგუეროს გოლებით, შინ 3:0 გაანადგურა „ვესტ ბრომვიჩი“.