2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მერვედფინალში ინგლისი კოლუმბიას დაუპირისპირდა. სამხრეთ ამერიკელები მატჩს მნიშვნელოვანი დანაკლისით შეხვდნენ – გუნდის ლიდერი, ხამეს როდრიგესი დაპირისპირებას წვივის ტრავმის გამო გამოაკლდა.
თამაშის პირველი სახიფათო მომენტი მე-16 წუთზე კოლუმბიელთა კართან შეიქმნა – ჰარი კეინმა საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს მიუსწრო და მახვილი კუთხიდან დარტყმული თავური მიზანს მცირე მანძილით აცდა. პირველი ნახევრის ბოლო წუთებზე კოლუმბიელთა კარის მისადგომებთან ჯარიმა დაინიშნა, რომელიც ტრიპიერმა შეასრულა, მაგრამ მისი გასროლაც არაზუსტი აღმოჩნდა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 9 წუთი იყო გასული, როდესაც კარლოს სანჩესმა საკუთარ საჯარიმოში წესები დაარღვია და პენალტი დაინიშნა. ჰარი კეინმა შანსი კვლავ იდეალურად გამოიყენა, ტურნირზე მეექვსე გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი კიდევ უფრო გაიმყარა.
გოლის შემდეგ ბრიტანელები აქტიურობდნენ და 61-ე წუთზე გატანის შესაძლებლობა დელე ალისაც ჰქონდა. მისი თავური დარტყმა მეტოქის კარს მცირე მანძილით აცდა.
მატჩის ბოლო ათ წუთში სამხრეთ ამერიკელები გააქტიურდნენ. გოლის გატანა 81-ე წუთზე ხუან კუადრადოს შეეძლო, მაგრამ ძალიან არაზუსტად დაარტყა. მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე მატეუს ურიბეს შორეული გასროლის შემდეგ პიკფორდმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და დარტყმა კუთხურზე მოიგერია, თუმცა კუთხურიდან მოწოდებულ ბურთთან პირველი ჯერი მინა აღმოჩნდა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
პირველ დამატებით ტაიმში კოლუმბიელები უტევდნენ, მეორეში კი ინგლისი აქტიურობდა, მაგრამ საქმე მაინც პენალტებამდე მივიდა.
ორ-ორი გატანი პენალტის შემდეგ ოსპინამ ჰენდერსონის დარტყმა მოიგერია და კოლუმბია დაწინაურდა. შემდეგ ურიბემ ააცილა და ტრიპიერმა გაიტანა, რასაც ჯორდან პიკფორდის შესანიშნავი მოგერიება მოჰყვა. ყველაფერი ერიკ დიერზე იყო დამოკიდებული – მისი დარტყმის მიმართულება ოსპინამ გამოიცნო, მაგრამ ბურთს ვერ მისწვდა და მეოთხედფინალში ინგლისი გავიდა.
პლეიოფის შემდეგ ეტაპზე ინგლისი შვედეთს დაუპირისპირდება.
ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android
და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!
თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!