ინგლისელები საუთგეიტის გადაწყვეტილებით გაოცებულები იყვნენ - საკამ პენალტი კარიერაში პირველად შეასრულა #1TVSPORT
ცნობილი გახდა დეტალები ინგლისის მთავარი მწვრთნელის გარეთ საუთგეიტის გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც ევრო 2020-ის ფინალში პენალტების სერიაში იტალიასთან (1:1, პენალტების სერიით 2:3) მიიღო.
Daily Mail ამტკიცებს, რომ ინგლისის ფეხბურთელები გაოცებულები იყვნენ საუთგეიტის გადაწყვეტილებით, როდესაც მან გამოაცხადა, რომ მეხუთე პენალტს ბუკაიო საკა დაარტყამდა.
მაგრამ ეს გადაწყვეტილება შემთხვევით არ მიუღია, ცნობილი გახდა, რომ გასული სეზონის განმავლობაში საუთგეიტი თვალყურს მოთამაშეთა მუშაობას ადევნებდა და თითოეული ვარჯიშის ბოლოს მათგან პენალტების შესრულებას ითხოვდა.
მწვრთნელის თანაშემწემ სტივ ჰოლანდმა თითოეული მოთამაშის ყოველი დარტყმა აღრიცხა და პენალტების საუკეთესო შემსრულებლების რეიტინგი შეადგინა, სადაც 19 წლის ფეხბურთელს ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებელი აღმოაჩნდა. კერძოდ, საკა უკეთესად არტყამდა, ვიდრე მარკუს რეშფორდი და ჯეიდონ სანჩო.
მაგრამ იტალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში საკას ბოლო დარტყმული ბურთი „სკუადრა აძურას“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ მოიგერია და იტალიას ევროპის ჩემპიონობა მოუტანა.
ლონდონის „არესანლის“ 19 წლის თავდამსხმელს ინგლისის ნაკრების წევრების უმრავლესობა ამხნევებდა. მაგრამ Daily Mail-ის მტკიცებით, ზოგიერთი ფეხბურთელი საუთგეიტის გადაწყვეტილებით გაოცებული დარჩა, ევრო 2020-ის ფინალი საკასთვის ნაკრებში მხოლოდ მეცხრე შეხვედრა იყო, პენალტი კი ოფიციალურ შეხვედრაში, თურმე, პირველად შეასრულა.