ინფორმაცია ყველა მათგანზე გვაქვს - სვანაძემ უცხოეთში მოთამაშე ქართველ 21-წლამდელებზე ისაუბრა #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ, რომელიც გუნდს ევრო2023-ისთვის ამზადებს, საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ ახალგაზრდულ ნაკრების დაკომპლექტება გრძელდება.
„სელექცია ეს ის თემაა, რომელსაც მეც და ჩემი სამწვრთნელო შტაბი ძალიან დიდ დროსა და ყურადღებას ვუთმობთ. ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა გაიარა ეს პროცესი ჯერ კიდევ 19-წლამდელთა ნაკრებიდან მოყოლებული. ასე გაგრძელდება მომავალშიც – ყველა, ვინც დაიმსახურებს, აუცილებლად მოხვდება ჩვენი თვალხედვის არეში და შანსი მიეცემა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან რამაზ სვანაძემ.
მისი თქმით, ამ სიაში ფეხბურთელები პერსპექტივის გათვლითაც მოხვდნენ:
„არის კატეგორია ფეხბურთელების, რომლებიც დღეს შედარებით დაბალ დონეზე გამოდიან, მაგრამ სამომავალო პოტენციალი აქვთ და ჩვენ მათ ვაკვირდებით. სელექციის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელმა თავი საკუთარ კლუბში გამოიჩინოს. სწორედ ეს არის გზა, რომელიც მათ ნაკრების კარს გაუღებს და არა პირიქით“.
სვანაძე აცხადებს, რომ დასაკვირვებელ მოთამაშეთა სიაში უცხოეთში მაცხოვრებელი ქართველებიც არიან:
„რა თქმა უნდა, სიაში ასეთი ქართველებიც არიან. ეს ფეხბურთელები თამაშობენ გერმანიაში, ბელგიაში, იტალიაში, რუსეთში… კიდევ ბევრი საინტერესო მოთამაშეა. ინფორმაცია ყველა მათგანზე გვაქვს. დანარჩენი უკვე მათზეა დამოკიდებული“.
შეგახსენებთ, რომ ევრო2023-ს საქართველო რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს. გამომდინარე აქედან, საქართველოს ნაკრები შესარჩევი ჯგუფიდან გათავისუფლებულია და ევროპის ჩემპიონატზე ავტომატურად ითამაშებს.