„ინდიანას“ მთავარი მწვრთნელი - ბითაძეს ცენტრისთვის საკმაოდ ბევრი უნარი აქვს
28 იანვარს, „ინდიანა პეისერსმა“ NBA-ს მორიგი მატჩი გამართა, სადაც შინ „შარლოტ ჰორნეტსი“ მიიღო და 116:106 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა ამ შეხვედრაში 11 წუთი პარკეტზე გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება დააგროვა.
„ინდიანა პეისერსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ნეიტ ბიორკგრენმა, „ფოქს სპორტს ინდიანასთან“, მატჩის შემდგომ ინტერვიუში, მისი გუნდის თამაში შეაფასა და გოგა ბითაძეზეც ისაუბრა:
„ბითაძის ბევრი რამ მომწონს. როგორც იცით, მას დიდი ხანი გაუცდა. ბოლო შეხვედრებში კი 8-10 წუთის განმავლობაში თამაშობდა. გოგა ფარის დამცველია, ის სხვებს საქმეს უადვილებს და 5 პოზიციაზე შეუძლია თამაში. მე მომწონს მისი მოქნილობა პარკეტზე, იმ შემთხვევაში თუ ის დაფარებას ვერ აკეთებს, მაშინ ხელს უშლის მოთამაშეებს სროლის დროს. გოგა უნდა იყოს ფიზიკურად ძლიერი, მე მომწონს რასაც ის აკეთებს და უნდა გააგრძელოს ბურთების მოხსნა. მას ცენტრისთვის საკმაოდ ბევრი უნარი აქვს.“
შემდგომ მატჩს „ინდიანა“, 30 იანვარს, ისევ „შარლოტის“ წინააღმდეგ გამართავს. გოგას გუნდს 11 მოგება და 7 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება.