იმრანის ჰეთთრიქით და სხირტლაძის დუბლით - „დინამო თბილისმა“ „გაგრას“ იოლად მოუგო #1TVSPORT
იმრანის ჰეთთრიქით და სხირტლაძის დუბლით - „დინამო თბილისმა“ „გაგრას“ იოლად მოუგო #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 21-ე ტურის მორიგი მატჩი გაიმართა – „გაგრამ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და მტკივნეული მარცხი განიცადა – 1:6.

„პეტრო არენაზე“ გამართულ შეხვედრაში თბილისელები პირველად გაიყვანა მოედანზე ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეს კარასკომ და წარმატებული სადებიუტო თამაში ჩაატარა.

ანგარიში „დინამომ“ მე-15 წუთზე გახსნა. ულად-ომარ იმრანის დარტყმის შემდეგ ანატოლი კოზლენკომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მართალია, „გაგრამ“ ზურაბ მუსელიანის დარტყმით (27) წონასწორობა აღადგინა, მაგრამ თბილისელთა მაროკოელმა ნახევარმცველმა იმრანმა (32, 44, 45+1) ტაიმის ბოლომდე ჰეთთრიქი შეასრულა და პირველი ნახევარი სტუმრების გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში „დინამო თბილისმა“ კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხა. დუბლი დავით სხირტლაძემ შეასრულა, რომელმაც მანამდე ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და ულად-ომარ იმრანთან ერთად მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

ამ მოგებით „დინამო თბილისმა“ 37 ქულა დააგროვა და მართალია, ისევ მეოთხე ადგილზეა, მაგრამ მეორე-მესამეადგილოსან „სამგურალთან“ (38) და „საბურთალოსთან“ (38) ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.

დღესვე უნდა გამართულიყო გორის „დილას“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩი, მაგრამ კონფერენს ლიგაზე გორელების მონაწილეობის გამო გადაიდო.