იმედოვნებენ, რომ ახალი კვარაცხელია გახდება - მიქაუტაძეს იტალიური და სერბული კლუბები აკვირდებიან, „მეცი“ ხუთ მილიონ ევროზე მეტს ითხოვს #1TVSPORT
ინტერნეტპორტალი socios-fcmetz-ი ამტკიცებს, რომ „მეცის“ ქართველ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს იტალიური და სერბული კლუბები იწვევენ, ფრანგები კი 5 მილიონ ევროზე მეტს ითხოვენ.
„გიორგი მიქაუტაძე ბოლო დროს იტალიური კლუბების მუდმივ ინტერესს იწვევს. მას „უდინეზე“ (სერია A) და „ჯენოა“ (სერია B) კვლავ აკვირდებიან. „მეცის“ თავდამსხმელმა ლიგა 2-ში 11 გოლი გაიტანა, ეს კლუბები კი ცდილობენ, რომ მომდევნო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეტევის ხაზი გააძლიერონ. „უდინეზე“ და „ჯენოა“ გიორგის თანამემამულე ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ წარმატებით არიან შთაგონებულები და იმედოვნებენ, რომ ის ახალი „კვარა“ გახდება“, – ინფორმაციას Serie B News-ი ავრცელებს.
ფარნგული პორტალი socios-fcmetz-ი კი აკონკრეტებს, „მეცი“ ქართველის ტრანსფერში რა თანხას ითხოვს.
„იტალიური პრესა მიქაუტაძის ღირებულებას დაახლოებით 3 მილიონ ევროდ აფასებს, რაც საკმაოდ შორს არის იმ 5 მილიონისგან, რასაც „მეცი“ ბელგრადის „ცრვენა ზვეზდასგან“ ზამთარში ითხოვდა“.
ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ ინტერესი telegraf-ში გამოქვეყნებული წერილიდან გახდა ცნობილი – გამოცემა ამტკიცებს, რომ სერბეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ (ირაკლი აზაროვის კლუბი) მიქაუტაძის დამატებას ზაფხულში, ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშების დაწყებამდე შეეცდება.
„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ „ცრვენა ზვეზდამ“ ზაფხულის სატარნსფერო ბაზარზე თავდამსხმელი უკვე შეარჩია. საუბარია საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „მეცის“ ფეხბურთელზე, გიორგი მიქაუტაძეზე. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 24 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა“, – ვკითხულობთ Telegraph-ში გამოქვეყნებულ წერილში.
მიქაუტაძეს „მეცთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის მიხედვით, გიორგის ამჟამინდელი სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება 3 მილიონი ევროა. რეალურად, ჯერ კიდევ „სერენიდან“ დაბრულებული მიქაუტაძის გასხვისებას „მეცი“ 3,5 მილიონ ევროდ არ დათანხმდა და 5 მილიონს ითხოვდა, ახლა კი, როდესაც გიორგი ლიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია, ფრანგული კლუბი მის ტრანსფერს უფრო ძვირად აფასებს.