იმედგაცრუება იყო ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა წყვილში, რომელშიც უკეთესები ვიყავით - მესიმ პსჟ-ში თავისი პირველი სეზონი შეაჯამა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ პარიზულ კლუბში თავისი პირველი სეზონი შეაჯამა.
„სეზონი დასრულდა და მინდა ჩემს თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო იმისთვის, როგორც მეპყრობოდნენ მე და ჩემს ოჯახს აქ გადმოსვლის პირველივე დღიდან. ისინი მუდმივად ჩემს გვერდით იყვნენ და მხარს მიჭერდნენ.
ეს წელი წინა წლებისგან ბევრი რამით იყო განსხვავებული, მაგრამ, საბოლოოდ, მოვიგეთ ჩემპიონატი, რაც ძალიან მიხარია, რადგან ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს პირველი ტიტულის აღება „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად.
იმედგაცრუება იყო ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა იმ წყვილში, რომელშიც ჩვენ ვიყავით უკეთესები.
რა თქმა უნდა, 2022 წელს ბევრი კარგი გველოდება. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი წელი და ვაპირებთ ვიბრძოლოთ, რათა ამბიციურები ვიყოთ ყველაფერში. შეხვედრამდე!“ – დაწერა სოციალურ ქსელში არგენტინელმა.
34 წლის ლიონელ მესიმ საფრანგეთის ჩემპიონატში ექვსი გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. სტატისტიკის მიხედვით, ბოლოს ასეთი ცუდი სეზონი მას 2006-07 წლების სეზონში ჰქონდა, როცა „ბარსელონას“ შემადგენლობაში „გოლი+პასის“ სისტემით 22 ქულა დააგროვა.