ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, რომელშიც “მანჩესტერ სიტიმ” “ჩელსი” 1:0 დაამარცხა, “სიტის” ნახევარმცველმა ილქაი გიუნდოგანმა 167 გადაცემა შეასრულა, რაც შვიდით მეტია “სტოკის” ფეხბურთელთა პასების მთლიან რაოდენობაზე შაბათს, “საუთჰემპტონთან” მატჩში.
სულ “სიტის” ფეხბურთელებმა “ჩელსის” წინააღმდეგ 902 პასი შეასრულეს, რაც ინგლისის პრემიერლიგის ახალი რეკორდია. პეპ გვარდიოლას შეგირდებს ბურთის ფლობის 71 პროცენტი ჰქონდათ და მათ ერთხელაც არ დაარტყმევინეს მოქმედ ჩემპიონს ზუსტად კარში.
“ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ბევრი ვირბინე, მაგრამ ფეხბურთი საერთოდ არ მითამაშია. ძალიან საწყენია. შეგვეძლო კიდევ სამი საათი გვეთამაშა, მაგრამ ბურთს მაინც ვერ შევეხებოდი. სიტუაცია ოდნავ გაუმჯობესდა ბოლო 10-15 წუთი. ჩვენ უფრო ხშირად გვქონდა ბურთი.
“ბარსელონასთანაც” ასეთ სიტუაცაში ვიყავით, მაგრამ მაშინ მომენტები შევქმენით. დღეს კი საერთოდ არაფერი გამოგვივიდა.
ძალიან გაგვიჭირდა. ვერაფრით განვთავისუფლდით მათი პრესინგისგან. როგორც კი ბურთს ვიღებდი, ჩემს გარშემო მაშინვე სამი ან ოთხი ფეხბურთელი ჩნდებოდა”, – განაცხადა მატჩის შემდეგ “ჩელსის” ლიდერმა ედენ აზარმა.