ილიას ზუროსი - შენგელიას პატრიოტიზმის გამოსახატავად სიტყვები საკმარისი არ არის
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გამოცემა „ევროჰუპსთან“ საუბრისას თორნიკე შენგელიაზე ილაპარაკა. მწვრთნელის აზრით, სპორტისა და პოლიტიკის ერთმანეთში არევა დაუშვებელია.
„ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ – სპორტი გვაერთიანებს. ეს ფაქტი პოლიტიკასთან არავითარ კავშირში არ არის. თოკო სპორტსმენია, რომელიც სულს საკუთარ ქვეყანას აძლევს.
მან „ბასკონიასთან“ ერთად მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და უმალ საქართველოს დროშა მოიხვია. ეს არის ადამიანი, რომელმაც ესპანეთში ჩემპიონობიდან ერთ საათში გამომიგზავნა შეტყობინება – „მოუთმენლად ველი ასეთ ემოციურ წუთებს საქართველოს ნაკრებთან ერთად“.
მისი პატრიოტიზმის გამოსახატავად სიტყვები საკმარისი არ არის. იგი თავის ქვეყანას მსოფლიოში საუკეთესო კუთხით წარადგენს, საქართველოს დიდი რეკლამაა. არ ვფიქრობ, რომ ყურად უნდა ვიღოთ უარყოფითი კომენტარები ასეთ დიდებულ ადამიანზე.“