ილიას ზუროსი - იმედია თბილისში სავსე ტრიბუნების წინ ვითამაშებთ, კალათბურთელები ამას იმსახურებენ
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოს წინა შეხვედრაში საქართველო საბერძნეთს ესტუმრა და თამაში ანგარიშით 81-69 დათმო. მატჩის შემდგომ კომენტარი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთეს.
გიორგი შერმადინმა ბერძნებს წარმატება მიულოცა და ტურნირზე წარმატება უსურვა.
„ვულოცავ ბერძნებს, მათ დღეს ძალიან კარგად ითამაშეს. მათ ახალგაზრდა მოთამაშეებთან ერთად იანის ბურუსისი ჰყავდათ, რომელი დღეს მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ჩვენ ბოლომდე ვეცადეთ, მოგება გვსურდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების ცენტრმა.
ილიას ზუროსმა შემადგენლობაში არსებულ პრობლემებზე გააკეთა აქცენტი და გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ 24 თებერვალს თბილისში გასამართ შეხვედრაზე ტრიბუნები შეავსონ.
„საბერძნეთი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს იმსახურებდა, მათ მთელი საკვალიფიკაციო ტურნირის მანძილზე კარგად ითამაშეს. გილოცავთ. მე ძალიან ამაყი ვარ ჩემი მოთამაშეებით. მათ მოედანზე ორასი პროცენტი დატოვეს. ჩვენ პრობლემები გვქონდა, რადგან ბევრი მოთამაშე გვაკლდა, მაგალითად გოგა ბითაძე, რომელიც დღეს ძალიან დაგვეხმარებოდა. გვაკლდა ბექა ბურჯანაძე და ბევრი სხვა. შეხვედრის შემობრუნება მოვახერხეთ, მაგრამ 40 წუთი ერთ ტემპში თამაში რთულია. სამ დღეში შინ ვითამაშებთ და იმედი მაქვს, რომ ამას სავსე ტრიბუნების წინაშე გავაკეთებთ. მოთამაშეები გულშემატკივრების მადლიერებას იმსახურებენ, ისინი გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებენ“, – თქვა ზუროსმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელები საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში ესტონეთს უმასპინძლებენ. შეხვედრა 24 თებერვალს, 19:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.