ილიას ილიადისი - ქართველი ბერძენი
ილიას ილიადისი - ქართველი ბერძენი

ცნობილმა ინტერნეტ გამოცემა “Fighter News”-მა ილიას ილიადისთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

ყველა ვინც ძიუდოს ადევნებს თვალს იცნობს ლეგენდარულ ილიას ილიადისს. იგი საბერძნეთის სიამაყეა, 2008 წელს ოლიმპიადაზე მათი მედროშე სწორედ ილიასი იყო. ის ყოველთვის ბერძენი არ ყოფილა, ილიადისი საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. სპორტსმენი საბერძნეთში მწვრთნელ ნიკოს ილიადისთან გადავიდა. მისი მიღწევები შთამბეჭდავია – ერთი ოლიმპიური ოქრო და სამი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. მან ოლიმპიადა 17 წლის ასაკში მოიგო – ილიასი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ძიუდოისტია, რომელმაც ეს მოახერხა. ამ გამარჯვებამ მისი ცხოვრება შეცვალა.

ქართველი ბერძენი

ჩვენ ილიასთან ინტერვიუს ჩაწერა დიდი ხანია რაც გვსურს და როგორც იქნა ამის საშუალება მოგვეცა. მიუხედავად იმისა, რომ შვილი სკოლაში უნდა დაეტოვებინა, ჩვენს შორის საუბარი მანქანაშიც გაგრძელდა. თავიდან საქართველოზე და იმ პირობებზე ვისაუბრეთ, რომელიც მას საბჭოთა ხანაში ჰქონდა, ხოლო შემდეგ კი მისი საბერძნეთში გადასვლა განვიხილეთ.

“1986 წელს საქართველოში დავიბადე. ქვეყანამ საბჭოთა კავშირი 1991 წელს დატოვა. საქართველოსთვის რთული დრო იყო. ეკონომიკა არ არსებობდა და შესაბამისად სპორტსმენებს დაფინანსება არ ჰქონდათ. ვვარჯიშობდით სიცივეში, რადგან დოჯოში გათბობა არ იყო და მხოლოდ ცივი წყალი გვქონდა. ძალიან რთული იყო.”

ილიასს მაშინ ჯარჯი ზვიადაური ერქვა. თავად თვლის, რომ იმ დროს “ცუდი ბიჭი” იყო. მისმა მშობლება გადაწყვიტეს, რომ სპორტში უნდა ჩართულიყო და მამამ კრივი ურჩია. ილიასს კრივი არ მოეწონა, მაგრამ შემდეგ დოჯოში შედგა ფეხი:

“დავინახე 200 ბავშვი, რომლებიც ერთ ხაზად იდგნენ. მათ მხოლოდ ორი მწვრთნელი ჰყავდათ. ბავშვები ჩუმად იყვნენ, არანაირი საუბარი და მოძრაობა. ეს ყველაფერი ჯარს ჰგავდა. დისციპლინა ჩემთვის პრიორიტეტია და იმ წამსვე ვიგრძენი, რომ ეს სპორტი ჩემთვის იყო შექმნილი. მაშინ 10 წლის ვიყავი და პირველივე დღიდან ვარჯიშს სერიოზულად მივუდექი.  ჩემი მიზანი ბავშვობიდანვე ოლიმპიური ოქრო იყო. ეს ოცნება ორასივე ბავშვს აერთიანებდა.”

“სისხლით ქართველი, მაგრამ გონებით ბერძენი”

ილიასის მშობლები ნიკოს ილიადისთან მეგობრობდნენ, რომელიც 2000 წელს საბერძნეთის ძიუდოს ნაკრების მწვრთნელი გახდა. ისინი შეთანხმდნენ, რომ ახალგაზრდა ილიასი საბერძნეთში გადავიდოდა. 2002 წელს ჯარჯიმ ახალი პასპორტი და ახალი სახელი მიიღო. ის ილიას ილიადისი გახდა, საბერძნეთის ოლიმპიური იმედი! ჩვენ ვკითხეთ მას, თავს ბერძენად თვლიდა, თუ ქართველად:

“მე საქართველოში დავიბადე. არასდროს არ უნდა დაივიწყო ფესვები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია! საბერძნეთში პრაქტიკულად ბავშვობიდან გადმოვედი და მოგვიანებით შევხვდი ცხოვრების სიყვარულს, ჩემს მეუღლეს. ჩემი ქალიშვილი საბერძნეთში დაიბადა. ჩემი ვაჟიშვილი საბერძნეთში დაიბადა. ოლიმპიური ოქრო საბერძნეთში მოვიგე. რას ფიქრობთ, როგორ უნდა ვიგრძნო თავი? მე ილიას ილიადისი ვარ. ბერძნებს არ აინტერესებთ სად დავიბადე ან ვინ ვიყავი ადრე. ჩემი სისხლი ქართულია, მაგრამ გონებით ბერძენი ვარ.”

ოლიმპიური სიამაყე

2004 წელი ილიასისთვის კარგად დაიწყო. მან ევროპის ჩემპიონატი მოიგო. რამდენიმე თვეში საბერძნეთში ოლიმპიური თამაშები უნდა გამართულიყო. ის კი ასაკის მიუხედავად ოლიმპიური ოქროს მოპოვების უმთავრესი ფავორიტი იყო:

“მე მზად ვიყავი, 100%-ით მზად. ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ უკვე ყველამ იცოდა ჩემი სახელი. შინ ვჭიდაობდი და ხალხის მხარდაჭერა ზურგს მიმაგრებდა. წარმატება 30%-ით მათი დამსახურებაა, ხოლო 70%-ით ჩემი. უზომოდ მოტივირებული ვიყავი და სიმართლე გითხრათ სადაც არ უნდა გამართულიყო ოლიმპიური თამაშები, ოქროს მოსაგებად მზად ვიყავი.”

“ჩემი ცხოვრება დღითიდღე იცვლებოდა. უეცრად ყველა მცნობდა ქუჩაში, ყველა ცნობს ოლიმპიურ ჩემპიონს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ცოლი იყო. ტურნირამდე იგი ჩემი მეგობარი გოგონა იყო. მე მას ვუთხარი, რომ აუცილებლად მოვიგებდი და დავქორწინდებოდით. მან გაიცინა, დამეთანხმა და მოემზადა ჩემი გამოსვლის საყურებლად. მე მოვიგე, დავქორწინდით და ახლა ორი შვილი გვყავს! ის ოქროს მედალზე ბევრად ძვირფასია. გამარჯვების კიდევ ერთი პოზიტიური შედეგი ქვეყანაში ძიუდოს ბუმია. საბერძნეთს დღეს უკვე ბევრი ძლიერი ძიუდოისტი ჰყავს საერთაშორისო რეიტინგში.”

მომდევნო ოლიმპიადაზე (2008, პენიკი) ილიასი საბერძნეთის მედროშე იყო. ტრადიციის მიხედვით საბერძნეთი პირველი გამოდის, შესაბამისად ილიასი იყო პირველი, რომელიც პეკინის ეროვნულ სტადიონზე შეაბიჯა:

“ეს საოცარი გრძნობა იყო! მე დარბაზში ვვარჯიშობდი, როდესაც საბერძნეთის ფედერაციის პრეზიდენტი ღიმილით მომიახლოვდა და მითხრა: “მათ შენ აგირჩიეს! შენ იქნები პირველი, ვინც ოლიმპიურ სტადიონზე შევა”. შოკისგან მუხლებში ძალა დავკარგე. ძალიან ამაყი ვიყავი. ორი აზრი არ არსებობს – ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იყო!”

სპორტული კარიერის დასასრული?

შედეგების მხრივ პეკინის ოლიმპიადა ილიასისთვის კარგი არ გამოდგა, ის ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპტიმალური არ იყო:

“ვარჯიშისას მუხლი მომტყდა. 2008 წლის ოლიმპიადაზე პრაქტიკულად ერთი ფეხით ვასპარეზობდი. მუხლის ოპერაცია მთლიანობაში ექვსჯერ გავიკეთე, მაგრამ ამაზე მძიმე სისხლის ვირუსი იყო, რომელიც ჩემს სიცოცხლეს დაემუქრა. ექვსი თვე არ მივარჯიშია და კიდევ ექვსი თვე დამჭირდა სპორტული ფორმის აღსადგენად.”

მიუხედავად იმისა, რომ ილიასი სპორტულ ტურნირებზე ხშირად აღარ ჩანს, ის კვლავ ძველებურად ვარჯიშობს. მას საოცარი აღნაგობა აქვს და ამაში ის ფოტოც დაგარწმუნებთ, რომელიც ქართველ ძიუდოისტ, ბექა ღვინიაშვილთან ერთად აქვს გადაღებული. ორივე მათგანი ტანსზემოთ გახდილია და უშველებელი, დაბერილი კუნთები აქვთ. რა არის ასეთი სპორტული ფორმის საიდუმლო?

“საიდუმლო არ არსებობს, საჭიროა ბევრი ვარჯიში. როდესაც ტურნირებზე გამოვდიოდი დღეში სამჯერ ვვარჯიშობდი. დღესდღეობით ყოველ დილით ვვარჯიშობ და ძიუდოზე კვირაში სამჯერ დავდვარ. ვარჯიში უმნიშვნელოვანესია. არ არსებობს ზღვარი და საკუთარი თავის დანდობა. ვარჯიში ზედმეტი არასდროსაა.”

ინტერვიუ თანამედროვეობის საუკეთესო ძიუდოისტებზე საუბრით დავასრულეთ:

“ერთ კონკრეტულ ადამიანზე ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესოა. მძიმე წონაში ტედი რინერი და გურამ თუშიშვილი. ვარლამ ლიპარტელიანი -100 კგ. წონით კატეგორიაში, ბექა ღვინიაშვილი -90-ში. -81 კგ.-ში რთულია ერთი კონკრეტული ადამიანის გამოყოფა. -73 კგ.-ში შოჰეი ონო, -66 კგ.-ში გიორგი ზანთარაია და -60 კგ.-ში ნაოჰისა ტაკატო. როდესაც ვიზრდებოდი ტოშიჰიკო კოგას, ტადაჰირო ნომურას, ჯიმი პედროს და სხვა ლეგენდების ვიდეოებს ვუყურებდი, მაგრამ მიჭირს იმის თქმა თუ ვინ არის ჩემი ფავორიტი. ნომურა საუკეთესოა, თუკი შედეგებს შევხედავთ, მას სამი ოლიმპიური ოქრო აქვს. ჩემი ბიძაშვილი ზურაბ ზვიადაური უნიჭიერესი იყო და ულამაზესად ჭიდაობდა. საუკეთესო შვედი ძიუდოისტი ჩემი აზრით მარკუს ნიმანია. ჩვენ სულ ექვსჯერ შევხვდით და სამ-სამჯერ გავიმარჯვეთ.”

დიდი მადლობა ილიასს ინტერვიუსთვის და იმედია მას ტატამზე მომავალში ვიხილავთ!

ინტერვიუს ავტორია Fighter New-ის ჟურნალისტი პელე აქსელსონი