ილია თოფურია - კრივს კარგად ვფლობ და რინგზე ძალიან სახიფათო ვიქნები #1TVSPORT
UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ გამოცემა Record-თან თავისი სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. როგორც ჩანს, 27 წლის სპორტსმენს მომავალში ძალების კრივში გამოცდა სურს.
„ეჭვი არ მეპარება, როდესაც კრივში გადავალ, მსოფლიოში საუკეთესო გავხდები. ძალიან კარგი ვარ კრივში და სახიფათო ვიქნები. რინგზე მუხლებისა და იდაყვების გამოყენება დაშვებული არაა, ასეთ დროს კი შემეძლება, თავი უკეთ ვამოძრაო, სათანადოდ შევარჩიო კუთხე. ხელით ძალიან ძლიერად ვურტყამ. როდესაც მომზადებას მხოლოდ კრივში გავივლი, გპირდებით, რომ ბევრს არ ენდომება, წინ დამიდგეს.
„აღფრთოვანებული ვარ კანელო ალვარესით. მისგან ბევრს ვსწავლობ და უამრავ ასპექტში ჩემთვის მისაბაძი სპორტსმენია. კანელო თავიდან ფეხებამდე ჩემპიონია. როცა კრივში ვიქნები, საუკეთესოებს უნდა შევხვდე, ის კი ზუსტად ასეთია. გამიხარდება, თუ ის ჩემ წინააღმდეგ რინგზე გამოსვლას ისურვებს“, – განაცხადა ილია თოფურიამ.
33 წლის მექსიკელი კანელო ალვარესი კრივში საშუალო წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონია.
თოფურიამ თებერვალში MMA-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის, UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის გამართულ ბრძოლაში ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა, რომელსაც მანამდე დივიზიონში წაგება არ ჰქონდა. ამ მომენტისთვის ილია თოფურიას MMA-ში 15 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა მისი გამარჯვებით დასრულდა.