ილია თოფურია - ჯოშ ემეტი ჩემთვის იდეალური მეტოქეა, რათა პირველივე რაუნდში გავიმარჯვო #1TVSPORT
UFC-ის დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი, რეიტინგის მეცხრე ნომერი ილია თოფურია (13-0) 18 ივნისს ქვემსუბუქი წონის კონტენდერების მეხუთე ნომერს, ჯოშ ემეტს (18-3) დაუპირისპირდება. ქართველისა და ამერიკელის ბრძოლა ამ დღის მთავარი ღონისძიება იქნება.
დაპირისპირების შესახებ თოფურიას კომენტარს MMA News-ი აქვეყნებს. როგორც 26 წლის მებრძოლი ამბობს, ჯოშ ემეტი იდეალური მეტოქეა, რათა ყველაფერი პირველივე რაუნდში დაასრულოს.
„ჩემთვის იდეალური ბრძოლაა. ემეტის სტილი ჩემსას კარგად ერგება, რაც მაძლევს საშუალებას, ყველაფერი პირველივე რაუნდში დავასრულო გამარჯვებით. მხოლოდ ის მაფიქრებს, გამოვა თუ არა იგი საერთოდ ოქტაგონზე.
მას დასაკარგი არაფერი აქვს, შეუძლია სიცოცხლის ბოლომდე იამაყოს, რადგან დაპირისპირება სუპერვარსკვლავთან მოუწევს“, – აცხადებს თოფურია.
ილია თოფურიამ უკანასკნელად UFC-ში გასული წლის დეკემბერში იბრძოლა, მან მეორე რაუნდში ამერიკელი ბრაის მიჩელის დამარცხება მოახერხა. რაც შეეხება 38 წლის ჯოშ ემეტს, მან ბოლოს იარი როდრიგესთან თებერვალში, ქვემსუბუქი წონის გარდამავალი ქამრისთვის იჩხუბა და დამარცხდა.