ილია თოფურია - გამოცდილება ვოლკანოვსკისკენაა, თუმცა მე სრულყოფილი მებრძოლი ვარ #1TVSPORT
UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის 18 თებერვალს მოქმედ ჩემპიონს, ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება.
მომავალი დაპირისპირების შესახებ ქვემსუბუქ წონაში რეიტინგის მესამე ნომერმა, ილია თოფურიამ UFC Español-თან ისაუბრა.
„ვფიქრობ, პირველივე რაუნდში გავიმარჯვებ. თუ ის ფეხებში ჩამივარდება, აუცილებლად გავთიშავ. გამოცდილება ვოლკანოვსკის მხარესაა, თუმცა მე MMA-ის ახალი თაობის წარმომადგენელი ვარ, თავს სრულყოფილ მებრძოლად ვთვლი.
ვერ ვიტყვი, რომ კარიერაში ყველაზე რთული მოსამზადებელი პერიოდი გავიარე, მაგრამ ყველაფერი უმაღლეს დონეზე გავაკეთეთ. მეტოქე სიღრმისეულად შევისწავლეთ. მომზადებაში გურამ ქუთათელაძეც მეხმარებოდა, რომელიც სტილისტურად ვოლკანოვსკის ჰგავს. ჩემთან ერთად იყო ჩემი ძმაც.
ყველაფერი ისე მიდის, როგორც დაგეგმილი გვქონდა, მოუთმენლად ველი ბრძოლის დღეს“, – განაცხადა ილია თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ შერეულ ორთაბრძოლებში 27 წლის ილია თოფურია ამ დრომდე დაუმარცხებელია (14-0). რაც შეეხება ვოლკანოვსკის, 35 წლის ავსტრალიელს 26 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ის UFC-ის ქვემსუბუქ წონაში ჯერ არ დამარცხებულა.