ილია თოფურია - ემეტს სერიოზული ზიანი მივაყენე, მის ადგილზე ნებისმიერი მებრძოლი დამნებდებოდა #1TVSPORT
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ჯექსონვილში გამართულ ღონისძიებაზე 38 წლის ამერიკელი ჯოშ ემეტი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე 26 წლის ქართველმა აღნიშნა, რომ ემეტის გამძლეობით გაოცებულია, რადგან ფიქრობდა, რომ მას პირველ ან მეორე რაუნდში დაამარცხებდა.
„შესანიშნავი საღამო გამოვიდა, საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ. ოქტაგონზე კონკრეტული გეგმით გავედი, თუმცა ემეტის გამძლეობამ გამაოცა, მას სერიოზული ზიანი მივაყენე, მაგრამ არ დამნებდა, რასაც ნებისმიერი მებრძოლი გააკეთებდა. ვფიქრობდი, დაპირისპირებას პირველ ან მეორე რაუნდში დავასრულებდი.
საერთოდ, ისიც ვიფიქრე, რომ მისი თვალის გამო ბრძოლა მეოთხე რაუნდის შემდეგ შეწყდებოდა. მას სერიოზული დაზიანება ჰქონდა და მხედველობა უჭირდა. მომდევნო ბრძოლას რაც შეეხება, თუ ესპანეთში მაქს ჰოლოვეისთან ჩხუბს დანიშნავენ, დავთანხმდები. საერთოდ, მოთმინება საუკეთესო თვისებაა. თუ ეს ასე არ მოხდა, შემდეგ მეტოქეს დაველოდები.
მსურს, ესპანეთში UFC-ის ჩემპიონის ქამარი მოვიპოვო. ამაზე მას შემდეგ ვოცნებობ, რაც ორგანიზაციაში მოვედი. ეს მოვლენა ჩემი კარიერისთვის განსაკუთრებული იქნება.
დღეს ემეტმა უამრავი დარტყმა აიტანა, თუმცა ბრძოლა მაინც მარტივად მოვიგე. ვფიქრობ, დივიზიონში საუკეთესო ვარ და ჩემთან გამკლავება ალექსანდერ ვოლკანოვსკისაც ძალიან გაუჭირდება. თუ მას პირველივე რაუნდში ვერ მოვუგებ, წნეხს გავზრდი და ხუთ რაუნდში გამარჯვებას მოვიპოვებ“, – განაცხადა ილია თოფურიამ.
ჯოშ ემეტთან დაპირისპირებამდე ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქ წონაში მეცხრე ნომერი იყო, მომავალ კვირას კი იგი უკვე საუკეთესო ხუთეულში მოგვევლინება.