ილია თოფურია ალექსანდრ ვოლკანოვსკიზე - არ მეჩქარება, ტრავმა მოიშუშოს და მას ამის შემდეგ დავამარცხებ #1TVSPORT
ილია თოფურია ალექსანდრ ვოლკანოვსკიზე - არ მეჩქარება, ტრავმა მოიშუშოს და მას ამის შემდეგ დავამარცხებ #1TVSPORT

ESPN-ის რეპორტიორთან, კარლოს კონტრერასთან ინტერვიუში UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ჩემპიონთან, ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან პოტენციური ბრძოლის შესახებ ისაუბრა.

ვოლკანოვსკის გამარჯვების შემდეგ იაირ როდრიგესთან მედიამ აქტიურად დაიწყო წერა მისი და თოფურიას დაპირისპირების შესახებ. ალექსანდერმა მექსიკელთან მესამე რაუნდის ფინიშით UFC-ის საჩემპიონო ქამარი ზედიზედ მეხუთედ დაიცვა. ჩხუბის შემდეგ მან განაცხადა, რომ ტრავმა აწუხებს და შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს.

რაც შეეხება 26 წლის ილია თოფურიას, მან ივნისში ამერიკელი ჯოშ ემეტი დაამარცხა, ქვემსუბუქი წონის მეხუთე ნომერი გახდა და ძალიან რეალურია, ორგანიზაციამ მას ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშულება მისცეს.

„არ მეჩქარება. ვოლკანოვსკიმ თქვა, რომ ტრავმა აწუხებს და ოპერაცია უნდა გაიკეთოს. მსურს, ის გამოჯანმრთელდეს და დეკემბერში მთელი მსოფლიო იხილავს, როგორ დავამარცხებ.

იაირ როდრიგესს პატივს ვცემ, თუმცა ვოლკანოვსკის წინააღმდეგ ის ჩხუბის დასაწყისიდანვე ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. არასდროს მომწონდა მისი სტილი და რაც მოხდა, ლოგიკური იყო. ალექსისთვის ეს ბრძოლა უმარტივესი იყო, მე კი შემიძლია, მას პირველივე რაუნდში მოვუგო“, – განაცხადა თოფურიამ.

ილია თოფურია MMA-ში კარიერის მანძილზე ჯერ არ დამარცხებულა. ჯამში, მან 14 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა და ყველაში გამარჯვება მოიპოვა, ცხრაჯერ კი მოგება პირველ რაუნდში გაიფორმა.