რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა. აღმასკომის დღის წესრიგში იყო საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის“ ეროვნულ ჩემპიონატში შესაძლო რეინტეგრაციის საკითხი. აღმასკომის სხდომაზე მოწვეული იყო კლუბის მფლობელი ილია კოკაია.
თუმცა, როგორც აღმასკომის წევრმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა თენგიზ სულაქველიძემ პირველ არხთან განაცხადა, ილია კოკაია არ გამოცხადდა და გუნდის საკითხიც ვერ განიხილეს.
“ეროვნულ ლიგაში “ზესტაფონის” დაბრუნება ჩვენი ფეხბურთისთვის კარგი იქნება, რადგან გუნდი ყველანაირ ინფრასტრუქტურულ მოთხოვნას აკმაყოფილებს, ჰყავს თავისი მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი და ჩემპიონატს კონკურენციას შემატებდა. მაგრამ ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, “ზესტაფონის” მეპატრონე მისივე გუნდის საკითხის განხილვაზე არ მოვიდა. ამგვარად, აღმასკომზე საკითხის განხილვამ აზრი დაკარგა” – ამბობს აღმასკომის წევრი, თენგიზ სულაქველიძე.