ილია დარჩიაშვილი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიწვევა ხაზს უსვამს აღმოსავლეთ პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას
ილია დარჩიაშვილი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიწვევა ხაზს უსვამს აღმოსავლეთ პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას

საქართველო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც პრაღაში იმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველო შეხვედრაზე მიწვეულია უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად.

როგორც ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ფორმატში სამ ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, წარმოაჩინოს საკუთარი ხედვები აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით.

„ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის მოწვევით ქალაქ პრაღაში იმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც მიწვეული არიან საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ფორმატში სამ ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, წარმოაჩინოს საკუთარი ხედვები აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით, სადაც იქნება დისკუსია საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ თავად სამივე ქვეყნის მოწვევის ფაქტი ამ ფორმატში განსაკუთრებულად უსვამს ხაზს იმას, რომ ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა; უფრო მეტიც, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყანა – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არიან ის ქვეყნები, რომელთან ერთადაც მათ უნდა განიხილონ მომავალი ინტეგრაციის მნიშვნელობა, ინტეგრაციის ტემპი. მოხარული ვართ, რომ ფორმატში გვექნება შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი ხედვა, ის სამუშაო და ის აქტივობები, რომელიც საქართველომ უკვე ჩაატარა ამ მიმართულებით. გავუზიარებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ჩვენს მოლოდინებს, ხედვებს და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ძალიან ღია, ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, რომ ეს შეკრება, სადაც სამი ქვეყანა იქნება წარმოდგენილი, იქნება ახალი იმპულსი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ამასთან, ილია დარჩიაშვილის თქმით, შეხვედრაზე საქართველოს ექნება მკაფიო გზავნილები.

„საქართველო, როგორც ყოველთვის, არის მკაფიო საკუთარ მომავალ აქტივობებთან დაკავშირებით. ჩვენ წარმოვადგინეთ ის ხედვა, ის გზამკვლევი, როგორ უნდა გავაგრძელოთ აღნიშნულ რეკომენდაციებთან მიმართებაში ჩვენი ძალისხმევა; დღესაც გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ვუთხრათ ის დასახული გეგმა, თუ როგორ აპირებს ჩვენი ქვეყანა, გასცეს პასუხი ყველა იმ რეკომენდაციას და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება მალე მივიღოთ სტატუსი და ეს სტატუსი იქნება ჩვენთვის ახალი ფურცელი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.