Il Mattino - კვარაცხელიას აგენტის სურვილია, „ნაპოლისგან“ გამოსასყიდი თანხა 80 მილიონზე მეტი არ იყოს #1TVSPORT
გაზეთ Il Mattino-ს დღევანდელი გამოცემა „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე წერს.
„ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებას დიდი ხანია აწარმოებენ. კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ივნისში გერმანიაში საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ის დროს ესტუმრა, სადაც ფეხბურთელის მენეჯერს 2029 წლამდე ხელშეკრულების გახანგრძლივება შესთავაზა. საუბარი იყო 5 მილიონ ევროზე წელიწადში, რომელიც ბონუსების გათვალისწინებით, შესაძლოა 6 მილიონზე ავიდეს.
თუმცა, ამის შემდეგ სიჩუმეა. ფეხბურთელის მენეჯერმა. ჯუღელის მოთხოვნა წელიწადში 8 მილიონია. ბოლო დროს ასევე ბევრს საუბრობენ, რომ მხარეები ერთმანეთს შორდებიან.
„ნაპოლი“ მზადაა, ახალი კონტრაქტი გააფორმოს და მასში იყოს ისეთი პუნქტი, როგორიც ვიქტორ ოსიმენის შემთხვევაში – გამოსასყიდი თანხა 120 მილიონი ევრო. ქართველი თავდამსხმელის მხარე კი 80 მილიონზე გადაცილებას არ აპირებს, იმის შიშით, რომ უფრო მაღალმა მაჩვენებელმა შესაძლოა, მყიდველები შეაშინოს“, – ამტკიცებს გაზეთი Il Mattino.