Il Mattino - ახალი კონტრაქტის მიხედვით, „ნაპოლი“ კვარაცხელიას ოთხ მილიონ ევროს სთავაზობს #1TVSPORT
„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის გაფორმებას მალე ოფიციალურად შესთავაზებს – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Il Mattino ავრცელებს.
„კვარაცხელია უდავოდ „ნაპოლის“ ერთ-ერთი ვარსკვლავია, ფეხბურთელი, რომელის ირგვლივაც შეიძლება მომავალი გუნდი აშენდეს, მაგრამ ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ კლუბის პრეზიდენტმა ფეხბურთელს ღირსეული კონტრაქტი შესთავაზოს.
აურელიო დე ლაურენტისი ხელშეკრულების განახლებას არ ჩქარობს, კლუბის მომავლის დაგეგმვისთვის მნიშვნელოვანია ბიუჯეტის რესურსის ზუსტი შეფასება, ამ თვალსაზრისით კი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა გადამწყვეტია. კვარაცხელიას აგენტთან, მამუკა ჯუღელთან ორმხრივი შეთანხმებით გადაწყდა, რომ მხარეები ახალი კონტრაქტის საკითხს სეზონის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ განიხილავენ და ყველაფერი გაირკვევა.
კვარაცხელია მზად არის, ნეაპოლში დარჩეს, თუ მას კვლავ ექნება შესაძლებლობა, მაღალი დონის ტურნირებზე ითამაშოს. ხვიჩას ასევე სურს, რომ მისი სტატუსი აღიარონ – მიუხედავად იმისა, რომ სკუდეტოს მოპოვების შემდეგ ის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ხელშეკრულების პირობები არ გაუუმჯობესეს. შესაბამისად, მისი ხელფასი ისევ 1,5 მილიონი ევროა.
კლუბის პრეზიდენტმა იცის, რომ მას მოუწევს მნიშვნელოვნად გაზარდოს ფეხბურთელის ხელფასი. გაორმაგება, როგორც ზაფხულში ვარაუდობდნენ, საკმარისი აღარ იქნება. „ნაპოლის“ მზად აქვს ხვიჩასთვის 4-მილიონიანი შეთავაზება და კონტრაქტის 2028 წლამდე გახანგრძლივება, ფეხბურთელის მხარე კი მეტ თანხას ითხოვს. როგორც ჩანს, შეთანხმება, დაახლოებით, 4,5 მილიონ ევროზე მოხდება და გარკვეული ბონუსებიც იქნება გათვალისწინებული“, – ამტკიცებს იტალიური გაზეთი.