IJF-ის განახლებულ რეიტინგში სულამანიძე, ლიპარტელიანი და თუშიშვილი დაწინაურდნენ #1TVSPORT
თელ-ავივის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი და ეთერ ლიპარტელიანი რამდენიმე საფეხურით დაწინაურდნენ.
თელა-ავივის გრანდ სლემზე 100 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა 20 წლის ილია სულამანიძემ, რომელიც ამ გამარჯვებით მსოფლიო რეიტინგში სამი პოზიციით დაწინაურდა. ქართველმა მერვე ადგილიდან მეხუთეზე გადაინაცვლა. ილიას ანგარიშზე 3902 ქულაა.
ორი დღის წინ დასრულებულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა მოუპოვა. მან ამ გამარჯვებით მსოფლიო რეიტინგში ოთხი პოზიციით წინ წაიწია და სიის მესამე ნომერი გახდა. გურამის ანგარიშზე 3784 სარეიტინგო ქულაა. თუშიშვილი მხოლოდ ბრაზილიელ – რაფაელ სილვასა და რუს – ტამერლან ბაშაევს ჩამორჩება.
თელ-ავივის შეჯიბრზე ქალებში ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედლის აღება შეძლო და ამ წარმატებით ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიო რეიტინგში ორი პოზიციით წინ გადაინაცვლა. ჩვენი ფალავანი 3614 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს.