წლევანდელ ზაფხულს „მილანში“ გადასულმა იგუაინმა თავისი ახალი გუნდისთვის პირველი გოლი გაიტანა და ქულა გადაურჩინა.
მილანური გრანდი კუნძულ სარდინიაზე, ადგილობრივი „კალიარის“ წინააღმდეგ თამაშობდა და მატჩის მე-4 წუთზე გაშვებული გოლით აგებდა. ეს ანგარიში 55-ე წუთამდე შენარჩუნდა, შემდეგ კი იგუაინმა გაათანაბრა და თავისი ახალი გუნდი წაგებისგან იხსნა.
ეს არგენტინელის პირველი გოლია მიმდინარე სეზონში.
ამრიგად, „მილანს“ სამი თამაშიდან 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა, თუმცა სხვა რამდენიმე გუნდთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსში“ გატარებული ორი სეზონის განმავლობაში, იგუაინმა 40 გოლი გაიტანა და „მილანში“ იჯარით მას შემდეგ გადავიდა, რაც ტურინულმა გუნდმა „რეალ მადრიდიდან“ კრიშტიანო რონალდო დაიმატა.
აღსანიშავია, რომ კალიარის წინააღმდეგ გამართულ მატჩში არგენტინელს გამარჯვების გოლის გასატანი კარგი მომენტიც ჰქონდა, თუმცა მისი თავური კარს მცირე მანძილით ასცდა.