იგუაინი აცხადებს, რომ იუვენტუსიდან მისი წასვლა კლუბის გადაწყვეტილება იყო
იგუაინი აცხადებს, რომ იუვენტუსიდან მისი წასვლა კლუბის გადაწყვეტილება იყო

გონსალო იგუაინის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „იუვენტუსი“ მას ძალიან ცუდად მოექცა, კლუბის მიმართ რაიმე სახის უარყოფითი გრძნობები არ დარჩენია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულს ტურინულმა კლუბმა კრიშტიანო რონალდო 100 მილიონ ევროდ შეიძინა, რითაც საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესა და, როგორც კი ეს მოხდა, გუნდიდან იგუაინი გაუშვეს.

ამასთანავე, არგენტინელი ამბობს, რომ პრობლემები გაცილებით ადრე, კერძოდ კი მაისში დაიწყო, როდესაც მწვრთნელმა ის იტალიის თასის ფინალურ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა.

„პირველად სწორედ იმ დღეს ვიგრძენი, რომ რაღაცა მოხდა“, – უთხრა იგუაინმა „გაძეტა დელო სპორტს“ (La Gazzetta Dello Sport). – „წასვლა ჩემი გადაწყვეტილება არ იყო. მე „იუვეს“ ყველაფერი მივეცი და ტიტულებიც მოვიგე ამ გუნდთან ერთად. კრიშტიანო რომ მოვიდა, მათ ხარისხის ერთბაშად გაუმჯობესება განიზრახეს და მითხრეს, რომ გუნდში ვეღარ დავრჩებოდი“.

იგუაინი ამჟამად „მილანში“ თამაშობს და ერთწლიან იჯარაში „იუვენტუსი“ 18 მილიონ ევროს მიიღებს.