იგორ ანგელოვსკი - შესაძლოა, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს კიდევ ერთი მცველი დააკლდეს
ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრები საქართველოში დანაკლისით ჩამოვიდა – ერთა ლიგის ახალი გათამაშების მეორე ტურში საქართველოს ნაკრებთან თავდამსხმელი ივან ტრიჩკოვსკი და მცველი კირე რისტევსკი გუნდს ტრავმების გამო ვეღარ დაეხმარებიან. მაგრამ სტუმართა მთავარი მწვრთნელის, იგორ ანგელოვსკის თქმით, გუნდს შესაძლოა, კიდევ ერთი ლიდერი ვერ დაეხმაროს.
ლაპარაკია ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ვიცე-კაპიტან სტეფან რისტოვსკიზე, რომელმაც გორან პანდევის ძირითად შემადგენლობაში არყოფნაში გუნდს სომხეთთან პირველი ტურის მატჩში უკაპიტნა.
„საქართველოს მცირე უპირატესობა აქვს საშინაო მოედნის გამო. ასევე ჩვენი საკადრო პრობლემების გამო. ახლა კიდევ ერთი საფიქარლი გაგვიჩნდა. მცველ სტეფან რისტოვსკის დაბალი ტემპერატურა და კუჭის ვირუსი აქვს. ვნახოთ, შეძლებს თუ არა თამაშს. ვითარება თუ არ გამოსწორდება, მისი შემცვლელი უნდა მოვძებნოთ,“ – განაცხადა ბალკანელთა დამრიგებელმა.
თუმცა, ამ განცხადების მიუხედავად, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ვიცე-კაპიტანი სტეფან რისტოვსკი „დინამო-არენის“ მოედანზე გავიდა და გუნდთან ერთად სრული დატვირთით ივარჯიშა.
„ანგელოვსკის განცხადების მიუხედავად, სტეფან რისტოვსკი ვარჯიშის დროს გამოჩნდა – ის ვირუსს ებრძვის. გუნდისთვის დიდი პრობლემა იქნება, თუ ვერ დაგვეხმარება ის მოთამაშე, რომელიც სომხეთთან შეხვედრისას მოედანზე საუკეთესო იყო. ტრავმის გამო, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მარცხენა მცველი თბილისში საერთოდ არ გაემგზავრა. ცუდი იქნება, თუ ახლა ჩვენი გუნდის მარჯვენა მცველიც ვერ ითამაშებს, რომელიც გუდნის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა,“ – წერს ჩრდილოეთ მაკედონიური გამოცემა „სპორტმედია“.