იერუსალიმის მასტერსზე დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს #1TVSPORT
იერუსალიმის მასტერსზე დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს #1TVSPORT

ისრაელის დედაქალაქ იერუსალმში დღეს სტარტს აიღებს ძიუდოში წლის შემაჯამებელ ტურნირი.  სპორტის ამ სახეობაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებაზე საქართველოს ნაკრები 14 ძიუდოისტით იასპარეზებს, საიდანაც 12 მამაკაცია, ხოლო ორი – ქალი.

იერუსალიმის მასტერსის პირველ საშეჯიბრო დღეს სამი ქართველი იჭიდავებს. მამაკაცებში მედლები 60 და 66 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება, ხოლო ქალები 48, 52 და 57 კგ წონით კატეგორიებში იჭიდავებენ.

60 კგ-ში საქართველოს ნაკრებისთვის მედლის მოპოვებას გიორგი სარდალაშვილი შეეცდება. ახალგაზრდა ქართველი შეჯიბრებაზე მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე უზბეკ დილშობეკ ბარათანოვსა და ჩეხ დავიდ პულკრაბეკს შორის გამარჯვებული იქნება.

66 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას ვაჟა მარგველაშვილი დაიცავს. პირველ ეტაპზე მისი მეტოქე ფრანგი მაქსიმ გობერი იქნება. ფრანგული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი პერუელ ჟუან პოსტიგოსა და უზბეკ სარდორ ნურილაევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

57 კგ-ში ეთერ ლიპარტელიანი იჭიდავებს. ქართველ ძიუდოისტს საკმაოდ რთული ბადე შეხვდა. ლიპარტელიანი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე იაპონელი ცუკასა იოშიდა იქნება. იაპონელის დამარცხების შემთხვევაში კი კანადელ მსოფლიო ჩემპიონ კრისტიან დეგუჩის შეხვდება.

საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა ტურნირზე:

კაცები

60 კგ – გიორგი სარდალიშვილი;

66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი;

73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი;

81 კგ – ტატო გრიგალაშვილი;

90 კგ – ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე;

100 კგ – ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი ბერიაშვილი;

ქალები

57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი;

+78 კგ – სოფია სომხიშვილი.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით – 12:00 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.