იენს სტოლტენბერგი - ნატო-სა და მოკავშირეების ძლიერი მხარდაჭერა გვეხმარება, უზრუნველვყოთ, რომ პუტინის სასტიკი აგრესია არ წახალისდეს და უკრაინამ გაიმარჯვოს
ნატო-სა და მოკავშირეების მიერ უზრუნველყოფილი ძლიერი მხარდაჭერა გვეხმარება, უზრუნველვყოთ, რომ პრეზიდენტ პუტინის სასტიკი აგრესია არ წახალისდეს და რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, – ამის შესახებ ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს მისი შეუცვლელი როლისთვის, რომელიც ვაშინგტონმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ითავა.
„ნება მიბოძეთ, შევაქო შეერთებული შტატები უკრაინისთვის გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბრძოლის ველზე ყოველდღიურად. მე ასევე მივესალმები სამხედრო დახმარების ბოლოდროინდელ პაკეტს, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა დღეს დილით გამოაცხადა. ეს არის აშშ-ის ლიდერობის რეალური დემონსტრირება. ნატო-სა და მოკავშირეების მიერ უზრუნველყოფილი ძლიერი მხარდაჭერა გვეხმარება, უზრუნველვყოთ, რომ პრეზიდენტ პუტინის სასტიკი აგრესია არ წახალისდეს და რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. ამავდროულად, ჩვენ თავიდან უნდა ავირიდოთ კონფლიქტის გამწვავება. ამიტომ ჩვენ გავზარდეთ წარმომადგენლობა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, რათა მოსკოვს არ დარჩეს სივრცე არასწორი ინტერპრეტირებისთვის ნატო-ს მზაობასა და სიმტკიცესთან დაკავშირებით, რომ დაიცავს ნატო-ს ყველა მოკავშირეს. მინდა, მადლობა გადავუხადო შეერთებულ შტატებს, ევროპის მასშტაბით სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდისთვის – 100 000-მდე სამხედრო, რომელსაც ზურგს უმაგრებს საჰაერო და საზღვაო ძალები“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, პრეზიდენტ პუტინს სურდა ნაკლები ნატო, თუმცა მან მიიღო მეტი ნატო, მეტი ჯარი და ნატო-ს მეტი წევრი.
„ნატო-ს წევრობაზე განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით შვედეთისა და ფინეთის გადაწყვეტილება ისტორიულია. ისინი გააძლიერებენ ჩვენს ალიანსს. ჩვენ უნდა გადავჭრათ ჩვენი ყველა წევრის უსაფრთხოების საკითხი და დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, ვიპოვოთ ერთიანი გზა. ამ მიზნით, მე მჭიდრო კონტაქტზე ვარ პრეზიდენტ ერდოღანთან და ფინეთისა და შვედეთის ლიდერებთან“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში ამ სამი ქვეყნის მაღალჩინოსნებს ბრიუსელში მიიწვევს.
სტოლტენბერგმა ასევე ისაუბრა ნატო-ს მადრიდის წლევანდელ სამიტზე.
„დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებსაც მოგვიანებით ამ თვეში, ნატო-ს მადრიდის სამიტზე მივიღებთ. ჩვენ შევათანხმებთ ნატო-ს შემდგომ სტრატეგიულ კონცეფციას, გავაძლიეროთ ჩვენი შეკავება და თავდაცვა და მოვემზადოთ მზარდი სტრატეგიული კონკურენციის ეპოქისთვის ისეთ ავტორიტარულ ძალებთან, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი. ეს მოიცავს კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან აზია-წყნარი ოკეანისა და სხვა მსგავსი შეხედულებების მქონე პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.