იენს სტოლტენბერგი - ახლა უკრაინელების დანებებაზე საუბრის დრო არ არის, ეს იქნება ტრაგედია უკრაინელებისთვის, ასევე საშიში იქნება ყველა ჩვენგანისთვის
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რომის პაპის, ფრანცისკეს განცხადებას გამოეხმაურა. სტოლტენბერგმა ამის შესახებ „როიტერთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„თუ ჩვენ გვსურს, მივაღწიოთ გრძელვადიან სამშვიდობო გადაწყვეტას მოლაპარაკებების გზით, მისკენ გზა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე გადის“, – ამბობს სტოლტენბერგი.
როგორც ნატო-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ხდება, განუყოფლად არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე სიძლიერესთან.
„ახლა უკრაინელების დანებებაზე საუბრის დრო არ არის. ეს იქნება ტრაგედია უკრაინელებისთვის. ეს ასევე საშიში იქნება ყველა ჩვენგანისთვის“, – ასე უპასუხა სტოლტენბერგმა ჟურნალისტის კითხვას, ნიშნავდა თუ არა მისი რეაქცია იმას, რომ ახლა „თეთრ დროშაზე“ საუბრის დრო არ იყო.