„ლოს ანჯელეს გელაქსის“ ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გამოთქვა სურვილი, სერია A-ში დაბრუნდეს და „ნაპოლის“ შემადგენლობაში ითამაშოს.
ლეგენდარულმა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ სურს დაეხმაროს ნეაპოლელთა დამრიგებელ კარლო ანჩელოტის. ფეხბურთელის სიტყვები გაზეთ „რეპუბლიკას“ მოჰყავს.
„პატივცემულო კარლო, დიდი სიხარულით დაგეხმარებით თქვენ და თქვენს „ნაპოლის“ სერია A-ს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში. თუ დაგჭირდებით, შემიძლია ჩამოვიდე“, – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
შვედს აქვს იტალიაში თამაშის დიდი გამოცდილება. 2004-2006 წლებში ის „იუვენტუსში“ თამაშობდა, შემდეგ სამი წელი „ინტერში“ იყო, ხოლო 2010-2012 წლები „მილანში“ გაატარა.
ზლატანი მეორე სეზონია „ლოს ანჯელეს გელაქსიში“ თამაშობს. მიმდინარე სეზონში მას 12 მატჩში 11 გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.