“ლოს ანჯელეს გალაქსის” ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ABC-ზე ჯიმი კიმელის ტელეშოუს სტუმრობდა და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატში თავის სავარაუდო მონაწილეობაზე საინტერესოდ ილაპარაკა. სკანდინავიელმა დაადასტურა, რომ აუცილებლად ჩავა რუსეთში.
“დიახ, მე მივდივარ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ვითამაშებ თუ არა? მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ მივემგზავრები მსოფლიოს თასზე. უფრო მეტი რომ ვთქვა, ჩამომახრჩობენ, ამიტომაც, საუბრისას ფრთხილი ვიქნები.
მსოფლიოს თასი ჩემს გარეშე – არ არის მსოფლიოს თასი”, – განუცხადა იბრაჰიმოვიჩმა ჯიმი კიმელს.
ამ დღეებში, შვედი ფორვარდი მუნდიალის ერთ-ერთი სპონსორის – Visa-ს მარკეტინგული კამპანიის სახე გახდა.
ზლატანს ორჯერ უთამაშია მსოფლიოს ჩემპიონატზე და ოთხჯერ – ევროპის ჩემპიონატზე. მან სანაკრებო კარიერა ევრო 2016-ის შემდეგ დაასრულა, მაგრამ გაზაფხულზე მიანიშნა, რომ შეიძლება ითამაშოს წლევანდელ ჩემპიონატზე.