იბრაჰიმოვიჩი კარიერას დაასრულებს, თუ სერია A-ს ან იტალიის თასს მოიგებს #1TVSPORT
„მილანის“ ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, შესაძლოა, ამ სეზონის შემდეგ კარიერა დაასრულოს. ამის შესახებ დაწერა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა.
40 წლის ფეხბურთელი მზად არის ამგვარი ნაბიჯი გადადგას იმ შემთხვევაში, თუ ამ სეზონში „მილანთან“ ერთად მოიგებს იტალიის ჩემპიონატს ან იტალიის თასს. ამგვარი გადაწყვეტილებისკენ იბრაჰიმოვიჩს შვედეთის ნაკრების მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ვერგასვლამ უბიძგა.
შვედი ფორვარდის კონტრაქტი ამა წლის ზაფხულში იწურება და ხელშეკრულების გაგრძელებაზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. წელიწადში შვიდი მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით, ზლატანი „მილანის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.
დღეისთვის „მილანი“ პირველ ადგილზეა სერია A-ს გათამაშების ცხრილში და ერთი ქულით უსწრებს „ნაპოლის“. იტალიის თასზე გუნდი ნახევარფინალშია გასული.
მიმდინარე სეზონში იბრაჰიმოვიჩმა სერია A-ს 19 მატჩში რვა გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.