ზლატან იბრაჰიმოვიჩი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა. შეგახსენებთ, რომ შვედმა ფეხბურთელმა ნოემბერში მიიღო ტრავმა და მას მერე არ უთამაშია.
მიუხედავად ვარჯიშის განახლებისა, 9 იანვარს, „ტორინოს“ წინააღმდეგ მისი მოედანზე ყოფნა ნაკლებად სავარაუდოა.
Sky Sports Italia-ს ცნობით, ზლატანი სათამაშოდ 18 იანვარს, „კალიარის“ წინააღმდეგ, იქნება მზად. მასთან ერთად, გუნდს ასევე დაუბრუნდებიან ისმაელ ბენასერი და ალექსის სალემეიქერსი.
39 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში, ყველა ტურნირის ჩათვლით 10 მატჩი ჩაატარა და 11 გოლის გატანა მოახერხა.
„მილანი“ 16 ტურის შემდეგ 37 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან „ინტერს“ ერთი ქულით უსწრებს. წინა ტურში პიოლის გუნდი ერთ-ერთ მთავარ კონკურენტთან, ტურინის „იუვენტუსთან“ 1:3 დამარცხდა.
„მილანი“ „ინტერთან“ ერთად ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, მათთვის ნებისმიერ ქულას საჩემპიონო მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად მთავარი ლიდერის დაბრუნება გუნდისთვის სასიხარულო ამბავია.