„იბერიამ“ ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა - „ტორპედომ“ თამაში დამატებულ წუთებზე გადაარჩინა #1TVSPORT
თბილისის „იბერიამ“ ეროვნულ ლიგაში ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და, საწყის წუთებში მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობის მიუხედავად, დაძაბულ და სეზონის ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ დაპირისპირებაში მხოლოდ ქულა მოიპოვა – 3:3.
თბილისელებმა თამაში ძალიან კარგად დაიწყეს და თავიდანვე დაწინაურდნენ – მე-2 წუთზე ფლანგური გადაცემის შემდეგ ირაკლი კომახიძემ ანგარიში გახსნა, ხოლო სამ წუთში, კუთხურის გათამაშების შემდეგ, სხვაობა გიორგი ჯგერენაიამ გაზარდა.
26-ე წუთზე ბიორნ იონსენმა ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. 34-ე წუთზე „ტორპედოს“ შემტევმა ნახევარმცველმა, ჟორჟინიომ სწრაფი კონტრშეტევა განავითარა და კარის წინ ფელიპე პირესი მონახა, რომელმაც სხვაობა შეამცირა – 2:1.
„იბერიამ“ მეორე ტაიმი კვლავ მაღალ დონეზე დაიწყო და უპირატესობის გაზრდის რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ შესანიშნავად თამაშობდა ქუთაისელთა მეკარე ფილიპ კლიაიჩი. თუმცა მე-60 წუთზე გიორგი კოხრეიძის შესანიშნავ შორეულ დარტყმას ისიც ვერ გაუმკლავდა – „იბერიის“ თავდამსხმელი ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ ფორმაში შედის და ბომბარდირთა დავაში 6 გოლით მეორე ადგილზეა.
დარჩენილ დროში ქუთაისელებმა დიდი ძალებით შეუტიეს და მიზანს მაიღწიეს – 72-ე წუთზე მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი გიორგი არაბიძემ უნაკლოდ შეასრულა და სხვაობა ისევ მინიმალურამდე შეამცირა. 90+3-ე წუთზე კი იონსენმა წოანსწორობა აღადგინა და ბომბარდირთა დავაში 7 გოლით ისევ დაწინაურდა.
11 ტურის შემდეგ „იბერიამ“ 26 ქულა დააგროვა და კონკურენტების თამაშებამდე ლიდერობა შეინარჩუნა, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ 18 ქულით მე-4 ადგილზეა.