„იბერიამ“ ბათუმის „დინამო“ დაამარცხა - მატჩის შემდეგ ინციდენტი მოხდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-15 ტური ლიდერების მატჩით დასრულდა. ბათუმის „დინამომ“ თბილისის „იბერიას“ უმასპინძლა და ბოლო წუთებზე გაშვებული გოლებით დამარცხდა – 2:3.
„ბათუმი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონი სწრაფად დაწინაურდა. მე-5 წუთზე გიორგი წიტაიშვილმა საჯარიმოში ბურთი მიიღო და მახვილი კუთხიდან ეფექტური დარტყმით „დინამო“ წინ გაიყვანა. თუმცა რვა წუთში ბათუმელები რთულ მდგომარეობაში ჩავარდნენ – მთავარმა არბიტრმა ნახევარმცველი ჟან ვიქტორი უხეშობისთვის გააძევა და, ფაქტობრივად, მთელი მატჩი „დინამომ“ 10 კაცით ითამაშა.
„იბერიამ“ რიცხობრივი უპირატესობით მეორე ტაიმში ისარგებლა. 48-ე წუთზე ცოტნე კაპანაძის გადაცემით წონასწორობა შეიკნე სილამ აღადგინა. კაცნაკლულმა ბათუმელებმა თბილისელების კარი მეორედ აიღეს. 67-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა შესანიშნავი დრიბლინგით გზიდან 3 მცველი ჩამოიშორა და გაიტანა, მაგრამ „იბერიამ“ იბრძოლა და ბოლო წუთებზე მიზანს მაინც მიაღწია. 89-ე წუთზე ბაქარ ქარდავამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90+3-ე წუთზე შოთა ნონიკაშვილმა თბილისელებს გამარჯვება მოუტანა.
15 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ 27 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო „იბერია“ (32) მეორე პოზიციაზეა და კონკურენტთან სხვაობა გაზარდა.
მატჩის შემდეგ ინციდენტი მოხდა – მოედანზე შესული „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი, ანდრეი დემჩენკო და პრეზიდენტი არჩილ ბერიძე მთავარ არბიტრთან, კოტე გიორგაძესთან, პრეტენზიებს ემოციურად გამოხატავდნენ. არბიტრმა მოედანი სტადიონის დაცვის წევრებისა და მატჩის დელეგატის, თამაზ კოსტავას დახმარებით რამდენიმე წუთის შემდეგ დატოვა.
სავარაუდოდ, პრეტენზია ჟან ვიქტორის გაძევებას უკავშირდებოდა, რომელმაც „იბერიას“ თავდამსხმელის გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ უხეშობისთვის წითელი ბარათი სამართლიანად მიიღო. „იბერიას“ თავდამსხმელმა ამის შემდეგ მოედანი ტრავმირებულმა დატოვა.