„იბერია“ „ტორპედოს“ მადლობას უხდის - მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტები ვართ, ქუთაისელებმა ქართული ფეხბურთის ინტერესით იხელმძღვანელეს #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბმა „იბერიამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ქუთაისის „ტორპედოს“ კონფერენს ლიგის მატჩამდე თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„გვსურს, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატოთ საფეხბურეთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოსადმი“, რომელმაც მხედველობაში მიიღო ჩვენი კლუბის თხოვნა, ეროვნული ლიგის თამაშის თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბი „იბერია“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობს. ჩვენი თხოვნაც, თამაშის თარიღის ცვლილების თაობაზე, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ლიგაში „იბერია“ და „ტორპედო“ კონკურენტები არიან, „ტორპედომ“ იხელმძღვანელა არა საკუთარი კლუბის ინტერესებით, არამედ, იმ ფაქტით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარებისთვის კონფერენს ლიგაზე ქართული კლუბების წარმატებული გამოსვლა.
ჩვენთვის „ტორპედოს“ ხელშეწყობა კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია იმის ფონზე, რომ ჩვენდა გასაკვირად, სხვა ქართულმა კლუბებმა, მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, გაუგებარი მიზეზით უარი განაცხადეს თამაშის თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით.
სასიხარულოა, რომ ქართულ საფეხბურთო სივრცეში ქუთაისის „ტორპედოს“ სახით არსებობენ კლუბები, რომლებიც ნამდვილად ზრუნავენ ქართული ფეხბურთის განვითარებაზე ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში.
ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „იბერიას“ მატჩის თარიღსა და დროს, უახლოეს პერიოდში მოგახსენებთ“.
შეგახსენებთ, რომ თბილისური კლუბი კონფერენს ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც თურქულ „ბაშაქშეჰირს“ 8 აგვისტოს თბილიში უმასპინძლებს, ხოლო 15 აგვისტოს სტამბოლში ესტუმრება. „ტორპედოსთან“ მატჩი კი 11 აგვისტოს იყო დაგეგმილი.