„იბერია“ ლიდერთა დაპირისპირებისთვის ემზადება - მატჩის შემოსავალი ქველმოქმედებას მოხმარდება #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში ლიდერების მატჩი გაიმართება – გათამაშების ლიდერი თბილისის „იბერია“ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე მეორეადგილოსან გორის „დილას“ 8 ნოემბერს, 19:00 საათზე უმასპინძლებს.
სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე გასამართი ეროვნული ლიგის 32-ე ტურის თამაშის შედეგზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული საჩემპიონო ბრძოლის ბედი. „იბერია“ 64 ქულით პირველ ადგილზეა, მას სამი ქულით ჩამორჩება ქუთაისის „ტორპედო“, ხოლო ხუთით – გორის „დილა“.
შეხვედრის მასპინძელი კლუბის, „იბერიას“ ცნობით, ლიდერების დაპირისპირების ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება აგარის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობას.
„ჩვენი კლუბი პროექტს მხარს ვუჭერთ დეკანოზ დავით ქვლივიძის სახელობის საქველმოქმედო ფონდ „ივერონთან“ თანამშრომლობის ფარგლებში“, – წერია „იბერიას“ პრეს-სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.
ბილეთები TKT.GE-ზე უკვე ხელმისაწვდომია – ხოლო ფიზიკურად შეძენა მატჩის დღეს სტადიონზეც იქნება შესაძლებელი.