დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვისა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იმამურა აკირას შეხვედრა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტები – ნინო სალუქვაძე, მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური და იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი იმანიში ტაკაო.
ლერი ხაბელოვმა იაპონელ დიპლომატებს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის, ისაუბრა ქართული ოლიმპიური მოძრაობისა და ჩვენი სპორტსმენების ოლიმპიური მიღწევების შესახებ, ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოლიმპიური გუნდის ტოკიო-2020-ისთვის მზადების თაობაზე. სეოკ-ის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, იაპონია ღირსეულად უმასპინძლებს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, ჩვენი სპორტსმენები კი შეეცდებიან გააუმჯობესონ წინა თამაშებზე ნაჩვენები შედეგი.
იაპონიის ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა სეოკ-ში სტუმრობით და წარმატება უსურვა ქართველ ოლიმპიელებს ტოკიოს თამაშებზე. მან ხაზი გაუსვა ოლიმპიური თამაშების მნიშვნელობას მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით სწორედ პანდემიის პირობებში, ისაუბრა საოლიმპიადო სამზადისზე, იაპონიის მთავრობისა და ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გაწეულ სამუშაოებზე, რომ სპორტსმენებს მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები ჰქონდეთ საუკეთესო შედეგების საჩვენებლად. იაპონელმა სტუმრებმა ოლიმპიური მუზეუმიც დაათვალიერეს.