იაპონიიდან წყალტუბოში - „სამგურალმა“ ტაიკი კაგაიამა დაიმატა # 1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალში“ იაპონელი შემტევი ნახევარმცველი ითამაშებს. 26 წლის ტაიკი კაგაიამას ტრანსფერზე ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, მაგრამ კონტრაქტის ხანგრძლივობა მითითებული არ არის.
„სამგურალის“ ახალწვეული იაპონური JFA აკადემიის აღზრდილია. სამშობლოში „კანსაი უნივერსიტეტის“ ღირსებას იცავდა. 2018 წლიდან მან საფეხბურთო კარიერა ფინურ „მუსაში“ გააგრძელა, მალე კი მეორე ფინურ კლუბში, KPV-ში გადავიდა.
2020 წელს კაგაიამა ტურკუს „ინტერის“ ფეხბურთელი გახდა, სადაც ორი სეზონის განმავლობაში, ჩემპიონატსა და თასზე, 55 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. 2020-21 წლებში „ინტერის“ შემადგენლობაში ფინეთის ვიცე-ჩემპიონი გახდა და ფინეთის თასის ფინალში ითამაშა, კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი მატჩი ჩაატარა.
ტაიკი კაგაიამა ბოლოს მალაიზიის სუპერლიგის კლუბ „საბაჰში“ ასპარეზობდა, სადაც 23 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.