იაპონიაში ნაომი ოსაკას კანის ფერზე ცუდად იხუმრეს
იაპონიაში ნაომი ოსაკას კანის ფერზე ცუდად იხუმრეს

იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა სამშობლოში სკანდალის ცენტრალური ფიგურა გახდა. სააგენტო „რეიტერმა“ (REUTERS) დაწერა, რომ იაპონურმა კომედიურმა დუეტმა თავის გამოსვლაში ჩოგბურთელის მიმართ არაკორექტული ხუმრობა გამოიყენა.

დუეტმა, რომელსაც A Masso ჰქვია, თავის პროგრამაში შეიტანა გამონათქვამი იმის შესახებ, რომ ოსაკასთვის „ცუდი არ იქნებოდა მათეთრებელი, რადგან ის მეტად გარუჯულია“.

ოსაკას დედა იაპონელი ჰყავს, მამა – ჰაიტელი. ის ბავშვობიდან ცხოვრობს ნიუ იორკში და დისკრიმინაციულ პრობლემებს განიცდის იაპონიაში კანის მუქი ფერის გამო.

იაპონელ კომიკოსებს ბოდიშის მოხდა მოუწიათ, მაგრამ განცხადებაში ოსაკას სახელი არ უხსენებიათ.

„ჩვენ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიგვექცია გამონათქვამებისთვის. გავაკეთეთ განცხადება, რომელმაც შესაძლოა ბევრ ადამიანს მიაყენა შეურაცხყოფა. მსგავსი რამ არ განმეორდება“, – წერია კომიკოს აი მურაკამის განცხადებაში.

ოსაკა ადრეც გამხდარა მსგავსი სკანდალების ფიგურანტი – იანვარში, კომპანია Nissin-მა გამოუშვა მაკარონის პარტია ჩოგბურთელის გამოსახულებით. სურათზე ოსაკას ღია ფერის კანი ჰქონდა.