ცნობილმა სერბმა ჩოგბურთელმა იანკო ტიპსარევიჩმა განაცხადა, რომ დაასრულებს კარიერას ნოემბერში, როცა მადრიდში განახლებული დევისის თასი გაიმართება.
„ეს იყო შესანიშნავი 16 წელიწადი. დიდი ხანი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე წავიდე პროფესიული ჩოგბურთიდან. არ ვაპირებ გულის ამაჩუყებელი სიტყვების დაწერას, რომლისგანაც ტირილს დაიწყებთ, რადგან ჩოგბურთი მხოლოდ ჩემი ნაწილია. აშშ-ის ღია პირველობისა და ATP-ის რამდენიმე ტურნირის გარდა, ჩემი ბოლო შეჯიბრი იქნება დევისის თასი მადრიდში. მომდევნო წლებში ჩემი მთავარი საზრუნავი გახდება ოჯახი, ჩვენი საჩოგბურთო აკადემიის განვითარება, გუნდის შექმნა და საერთაშორისო სამწვრთნელო მოღვაწეობა წელიწადში რამდენიმე კვირა. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“, – დაწერა საკუთარ „ფეისბუქში“ ტიპსარევიჩმა.
16-წლიანი კარიერის განმავლობაში, 35 წლის ტიპსარევიჩმა 541 მატჩი ჩაატარა და 286 მოიგო. მოიპოვა ოთხი ტიტული ერთეულებში და ჯამში გამოიმუშავა 8 513 588 დოლარი. რეიტინგში საუკეთესო პოზიცია 2012 წლის 2 აპრილს ჰქონდა, როცა მერვე პოზიციაზე იმყოფებოდა. „დიდი სლემის“ ტურნირებზე საუკეთესო მაჩვენებელი აშშ-ის ღიაზე აჩვენა, როცა 2011 და 2012 წლებში მეოთხედფინალამდე გადიოდა. ტიპსარევიჩმა 2010 წელს, სერბეთის ნაკრებთან ერთად მოიგო დევისის თასი.