იანის ანტეტოკუნმპომ ბოლო წლების მანძილზე არნახული პროგრესი განიცადა. მილუოკის ლიდერი ჯეიმს ჰარდენთან ერთად 2018-19 წლების რეგულარული სეზონის ყველაზე სასარგებლო მოთამაშის (MVP) მთავარი კანდიდატია. ბაკსის ვარსკვლავი 18 წლის ასაკში გამხდარი პერსპექტიული ფორვარდი იყო, თუმცა ბოლო წლებში ბერძენმა დაგვანახა, რომ ის ლიგაში ამ დროისთვის ერთ-ერთი გამორჩეული და დომინანტი მოთამაშეა.
იანისმა ი-ეს-პი-ენის (ESPN) ჟურნალისტ ადრიან ვოჟნაროვსკისთან მიცემულ ვრცელ ინტერვიუში საკუთარ კარიერაზე და მომავალზე ისაუბრა. ანტეტოკუნმპომ საუბრისას აღნიშნა, რომ მას ლიგაში ბევრი მეგობარი არ ჰყავს. შეკითხვაზე, თუ რატომ არ მეგობრობს ის დანარჩენ ვარსკვლავებთან, იანისმა ასე უპასუხა:
„ეჭვი მეპარება, რომ კობი ბრაიანტს, კევინ გარნეტს, მაიკლ ჯორდანს ან რომელიმე სხვა დიდ მოთამაშეს საკუთარ მოწინააღმდეგეებთან ახლო ურთიერთობა ჰქონოდა. თუ მე ვიცი, რომ რომელიმე მეტოქეს პლეი ოფში დავუპირისპირდები, ვცდილობ მათთან რაც შეიძლება ნაკლებად მქონდეს ურთიერთობა და მხოლოდ გამარჯვებაზე და ჩემს გუნდზე ვკონცენტრირდები“.
იანის ანტეტოკუნმპოს მილუოკი ბაკსი წელს დიდი ალბათობით აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული გახდება. იმ შემთხვევაში, თუ მულუოკი მოახერხებს სუპერფინალში გასვლას, მას სავარაუდოდ იქაც საშინაო არენის უპირატესობა ექნება, რადგან ამ დროისთვის ბაქსს გოლდენ სტეიტსა და დენვერზე ხუთი გამარჯვებით მეტი აქვს და ძნელად სავარაუდოა, პირველობა ვინმეს დაუთმოს.