იაკობ ქაჯაია - მოხარული ვარ, რომ ფინალში ასეთ ლეგენდასთან მომიწია ბრძოლა #1TVSPORT
დღეს, 2 აგვისტოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ფინალური ორთაბრძოლები გაიმართა, სადაც 130 კგ წონით კატეგორიაში იაკობ ქაჯაია ოქროს მედლის მოსაპოვებლად, ლეგენდარულ კუბელ მოჭიდავეს ლოპეს ნუნიესს ხვდებოდა.
ქართველი სპორტსმენი მძიმე ბრძოლაში დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, რაც საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის მე-6 მედალია (1 ოქროს, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო).
ფინალური ბრძოლის შემდეგ იაკობ ქაჯაიამ ლეგენდარულ მოჭიდავესთან დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„ვეცადე მომეტანა ოქროს მედალი საქართველოსთვის, მაგრამ ლოპესი ძლიერი სპორტსმენია და ნამდვილად იმსახურებს ოთხგზის ოლიმპიურ ჩემპიონობას. მოხარული ვარ, რომ ასეთ ლეგენდასთან მომიწია ფინალში ბრძოლა. გავაგრძელებ პარიზის ოლიმპიადისთვის მომზადებას, უახლოეს მომავალში მსოფლიო ჩემპიონატიც ჩატარდება და ვეცდები, ოქროს მედალი მოვუტანო ჩემს ქვეყანას“, – ამბობს ქაჯაია.
დღეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაიწყო კიდევ ერთმა ჩვენმა მებრძოლმა გიორგი მელიამ (97 კგ), რომელიც პირველ ბრძოლაში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად ხვალ რეპეშარჟიდან იბრძოლებს.