იაკობ ქაჯაია - მინდა, საქართველო და ჩემი წყალტუბო ბოლომდე ვასახელო [ვიდეო] #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა მძიმეწონოსანმა, იაკობ ქაჯაიამ ნახევარფინალში ჩილეს სახელით მოასპარეზე კუბელი მოჭიდავე, აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა და ტოკიოს ოლიმპიადის ფინალის საგზური მოიპოვა.
იაკობ ქაჯაია: „დღეს ფინალში გასვლა და კარგი ჭიდაობა მწვრთნელებისა და ექიმების ძალიან დიდი დამსახურებაა. სიტყვებით ვერ აღვწერ, ძალიან გახარებული ვარ და ვემზადები ხვალინდელი დღისთვის. მინდა, რომ საქართველო და ჩემი წყალტუბო ბოლომდე ვასახელო. დიდი მადლობა გულშემატკივრებს და ყველას, ვინც გვერდით მედგა“.
გიორგი კიკაბიძე (საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი): „ძალიან ბედნიერები ვართ. ოლიმპიადის ფინალში გავიდა ჩვენი იაკობ ქაჯაია. ვულოცავ სრულიად საქართველოს, ყველა გულშემატკივარს. ეს, რა თქმა უნდა, დიდი წარმატებაა. ხვალ ფინალი აქვს საჭიდაო და დარწმუნებული ვარ, რომ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ კუბელს აუცილებლად მოუგებს. მწვრთნელების, ბიჭებისა და იაკობის თავდაუზოგავი შრომა დაფასდა. ხვალ გიორგი მელია ჭიდაობს, შემდეგ – რამაზ ზოიძე და ლაშა გობაძე. ასევე მალე ჩაერთვებიან თავისუფალი სტილით მოჭიდავეები. ვუსურვებ ბიჭებს ოქროს მედლებს“.