ჰონკონგის ღია პირველობა საპროტესტო აქციების გამო გადაიდო
ჰონკონგის ღია პირველობა საპროტესტო აქციების გამო გადაიდო

ჰონკონგის ღია პირველობა ჩოგბურთში, რომელიც 5 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო, ქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო გადაიდო. ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ უკეთესი იქნება, თუ „მოგვიანებით პირველობა უფრო მშვიდ გარემოში ჩაივლის“.

კანონპროექტი, რომლის გამოც ჰონკონგში პროტესტი დაიწყო, პარლამენტმა უკან გამოიხმო, თუმცა ქალაქში დაძაბულობა ისევ ნარჩუნდება და ახლა დემონსტრანტები დემოკრატიულ რეფორმებს ითხოვენ.

ჰონკონგის ღია პირველობა „ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის“ (WTA) მიერ ორგანიზებული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურნირია, რომელშიც ადრე მონაწილეობა ისეთ სპორტსმენებს მიუღიათ, როგორებიც არიან კაროლინ ვოზნიაცკი, ნაომი ოსაკა და სერენა უილიამსი.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონია უკრაინელი დაიანა იასტრემსკა.