ჰოლანდიამ მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხა, გერმანია B ლიგაში დაქვეითდა [ვიდეო]
ჰოლანდიამ მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხა, გერმანია B ლიგაში დაქვეითდა [ვიდეო]

ერთა ლიგის A დივიზიონის ერთ-ერთი მთავარი მატჩი როტერდამში გაიმართა, სადაც ჰოლანდია მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს საფრანგეთის ნაკრებს იღებდა.

როტერდამში „ნარინჯისფერებს“ 14-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდათ და შეძლეს მისი გაგრძელება, თან შეწყვიტეს საფრანგეთის 15-მატჩიანი წაუგებელი სერია. რონალდ კუმანის გუნდმა 2:0 დაამარცხა დიდიე დეშამის გუნდი. მასპინძლებმა ანგარიში 44-ე წუთზე გახსნეს, როცა ნ’ზონზიმ უხეში შეცდომა დაუშვა საკუთარ საჯარიმოში და ბურთი ბაბელს დაუგდო. მისი დარტყმული უგო ლორისმა მოიგერია, მაგრამ ვიინალდუმის დამატებას ვერ გაუმკლავდა.

 

საფრანგეთი ზედიზედ მესამე მატჩში გავიდა შესვენებაზე 0:1-ით. ისლანდიასთან მან ფრეს (2:2) მიაღწია, გერმანიასთან მოიგო (2:1), მაგრამ მესამედ ვერ გადარჩა. რომ არა ლორისი, ფრანგები დიდი ანგარიშითაც წააგებდნენ, საბოლოოდ კი 0:2 დამარცხდნენ მას შემდეგ, რაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დეპაიმ პანენკას სტილში შესრულებული პენალტი გაიტანა.

 


გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს –

ჰოლანდი  – სილესენი, დიუმფრისი, დე ლიგტი, ვან დეიკი, ბლინდი, დე რონი, ფ. დე იონგი, ვიინალდუმი (ვილჰენა, 89), ბერგვაინი (პრომესი, 86), დეპაი, ბაბელი (აკე, 90+2).
საფრანგეთი – ლორისი, პავარი, ვარანი, კიმპემბე, დინი, მბაპე, კანტე, ნ`ზონზი (ნდომბელე, 81), გრიზმანი, მატუიდი (სისოკო, 65), ჟირუ (დემბელე, 65).

ჰოლანდიამ არა მხოლოდ D ლიგაში გაისტუმრა ჯგუფის მესამე ბინადარი გერმანია, არამედ, შანსი აქვს I ქვეჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს, ოღონდ ამისთვის 19 ნოემბერს, სტუმრად გერმანელების დამარცხება სჭირდება.