ჰოლანდია ერთა ლიგის მეორე ფინალისტია [ვიდეო]
ჰოლანდია ერთა ლიგის მეორე ფინალისტია [ვიდეო]

ერთა ლიგის ფინალურ ტურნირზე, რომელიც პორტუგალიაში მიმდინარეობს, მეორე ფინალისტი გამოვლინდა. გიმარაეშში ჰოლანდიამ დამატებით დროში მოუგო ინგლისს – 3:1.

პირველ ტაიმში ჰოლანდია მდევრის როლში აღმოჩნდა – საჯარიმოში დე ლიგტმა ართმევაზე თამაში დააგვიანა და რეშფორდი წააქცია. პენალტი დაზარალებულმა გამოიყენა.

დე ლიგტმა შეცდომა 73-ე წუთზე გამოასწორა, როცა კუთხურიდან ჩაწოდებულის შემდეგ, თავით ანგარიში გაათანაბრა.


ძირითადი დროის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, ინგლისელებმა გოლი იზეიმეს, მაგრამ ვიდეოგამეორებამ აჩვენა, რომ ლინგარდი თამაშგარეში იყო და გოლი გაუქმდა.

დამატებით დროში უკეთ ჰოლანდია გამოიყურებოდა, თან საშინლად ითამაშეს დაცვაში ინგლისელებმა. ჯერ სტოუნზმა საკუთარ კართან ჩააბარა ბურთი მეტოქეს და ამას მოჰყვა უოკერის ავტოგოლი, შემდეგ კი ბარკლიმ დაუშვა ანალოგიური შეცდომა და პრომესმა გააფორმა ჰოლანდიელთა ფინალში გასვლა.

კვირას, 9 ივნისს, ფინალში პორტუგალია და ჰოლანდია ითამაშებენ. შეხვედრა 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. მანამდე, 17:00 საათზე იქნება მესამე ადგილისთვის მატჩი ინგლისსა და შვეიცარიას შორის.

ჰოლანდია-ინგლისი 3:1 დდ

გოლები: 0:1 რეშფორდი (32-პენ), 1:1 დე ლიგტი (73), 2:1 უოლკერი (97-საკ. კარში), 3:1 პრომესი (114)

ჰოლანდია (4-2-3-1): სილესენი – დუმფრისი, დე ლიგტი, ვან დეიკი, ბლინდი – დე როონი (68. ვან დე ბეეკი), დე იონგი (114. სტროოტმანი) – ბერგვიინი (90. პროპერი), ვეინალდუმი, ბაბელი (68. პრომესი) – დეპაი

ინგლისი (4-3-3): პიკფორდი – უოლკერი, სტოუნზი, მაგუაირი, ჩილუელი – დელფი (77. ჰენდერსონი), რაისი (105. ალი), ბარკლი – სტერლინგი, რეშფორდი (46. კეინი), სანჩო (61. ლინგარდი)