ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონატს ლატვია მიიღებს
ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონატს ლატვია მიიღებს

ლატვია ჰოკეიში მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის ერთპიროვნული მასპინძელი იქნება. ყველა მატჩს ქვეყნის დედაქალაქი რიგა უმასპინძლებს, – ამის შესახებ იტყობინება ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია.

მსოფლიოს პირველობის ჩატარება 21 მაისიდან 6 ივნისამდე ორ ქვეყანაში – ლატვიასა და ბელარუსში იყო დაგეგმილი, მაგრამ საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება – ბელარუსი ჩამოეშორებინა ტურნირის მასპინძლობისგან ქვეყნაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო.

მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი სტადიონი იქნება – “არენა რიგა”. მეორე სტადიონი კი მოეწყობა ოლიმპიურ სპორტულ ცენტრში, სადაც სახელდახელოდ ააშენებენ ტრიბუნებს, რომელიც ექვსი ათას მაყურებელს დაიტევს. ეს არენა მიიღებს A ჯგუფის თამაშებსა და ორ მეოთხედფინალს.

„მინდა მადლობა გადავუხადო დანიასა და სლოვაკეთს, რომლებმაც გამოთქვეს მზადყოფნა მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების მასპინძლობაზე, მაგრამ, საბოლოოდ, მივიჩნიეთ, რომ მთელი ტურნირის ერთ ქვეყანაში ჩატარება ნაკლებ პრობლემას შეგვიქმნის. შესაძლოა, გამოვიყენოთ “ბაბლის” კონცეპცია, მაგრამ ასევე მოვემზადებით ტრიბუნებზე მაყურებლის დაშვებაზე, თუ ამისთვის უსაფრთხო გარემო იქნება“, – განაცხადა ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა რენე ფაზელმა.