„ჰოფენჰაიმის“ წარმომადგენლები მოწინააღმდეგეს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ
„ჰოფენჰაიმის“ წარმომადგენლები მოწინააღმდეგეს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ

გერმანულ კლუბ „ჰოფენჰაიმის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბრემენის „ვერდერთან“ 19 დეკემბრის მატჩის (1-1) წინა დღით, მათი სამწვრთნელო ბაზის თავზე დრონმა გადაიფრინა, რომელსაც, სავარაუდოდ, „ვერდერის“ ერთ-ერთი სკაუტი მართავდა.

საქმე უკვე მანჰაიმის პოლიციაშია გადაცემული, რომლის წარმომადგენლის თქმით, არსებობს ერთი საეჭვო ავტომობილი, რომლის პატრონის ამოცნობის პროცესი ამჟამად მიმდინარეობს.

როგორც კი პოლიცია დრონის პატრონს ამოიცობს, შესაძლებელი გახდება იმის გარკვევა, თუ რამდენად შეესაბამებოდა დრონის გამოყენება გერმანიაში არსებულ კანონს.

გერმანული „დრონების აქტის“ მიხედვით, 0.25 კილოგრამზე მძიმე დრონების გამოყენება ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალულია დასახლებული პუნქტების თავზე და ბევრი ხალხის შეკრების ადგილას. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დრონის პატრონს ჯარიმის სახით 50 000 ევროს გადახდა მოუწევს.

„ოპონენტზე ჯაშუშობა პრობლემა არ არის. ამას ბევრი აკეთებს. აქ უბრალოდ უსაფრთხოების ზომები დაირღვა. თუ დრონი დასაშვებზე მძიმეა, მისი გამოყენება არ შეიძლება, რადგან ტექნიკურმა გაუმართაობამ შეიძლება სერიოზული შედეგები მოიტანოს. ეს არის და ეს“, – განაცხადა „ჰოფენჰაიმის“ მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა.