ჰიუსტონმა ტორონტოში მოიგო, ბოსტონმა მოქმედი ჩემპიონი შეარცხვინა
10:40, 06.03.2019
ექვსი მატჩით გაგრძელდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონი. დღევანდელი შეხვედრებიდან ორი დაპირისპირება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. „ეირ კანადა ცენტრში“ ტორონტო „რეპტორსმა“ ჰიუსტონ „როკეტსი“ მიიღო. ორივე გუნდი საკუთარ კონფერენციებში მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და პლეი-ოფში შესვლას მაღალი ადგილიდან ცდილობს. ჰიუსტონელები ბოლო პერიოდში ბრწყინვალე ფორმაში არიან და ეს ყველაფერი ერთერთი ლიდერის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. პირველი ტაიმი ტეხასურმა კლუბმა 18 ქულის სხვაობით მოიგო, რასაც მესამე პერიოდში სრული ჩავარდნა მოჰყვა. მასპინძლებმა გადამწყვეტი მეოთხედის წინ ორი ქულის სვაობით მოახერხეს წინ გასვლა. დასკვნითი 12-წუთიანი მონაკვეთი კი „როკეტსმა“ პრაქტიკულად უშეცდომოდ ჩაატარა. ჰარდენის შესანიშნავი თამაშის წყალობით, სტუმრებმა 107-95 გაიმარჯვეს. ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა, ამჯერად, 35 ქულით დაასრულა შეხვედრა. ეს მაიკ დანტონის გუნდისთვის ზედიზედ მეექვსე გამარჯვება გამოდგა და მოგება-წაგების იდენტური მაჩვენებლებით პორტლენდთან და ოკლეჰომასთან ერთად მესამე-მეხუთე ადგილებს იყოფს. ტორონტო აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მეორე პოზიციაზეა.
ბოლო პერიოდში არასტაბილურ კალათბურთს თამაშობს ბოსტონ „სელტიქსი“. ბრედ სტივენსის გუნდი საკმაოდ რთულად პროგნოზირებადია. „კელტებმა“ უკანასკნელ პერიოდში, რამდენიმე მოულოდნელი მარცხის შემდეგ, ამჯერად მოქმედი ჩემპიონი მისსავე მოედანზე შეარცხვინეს. „ორეკლ არენაზე“ დასრულებული დაპირისპირება ბოსტონელებმა 33 ქულის სხვაობით, ანგარიშით 128-95 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ „სელტიქსმა“ მეტოქეს ოთხივე მეოთხედში აჯობა. გორდონ ჰეივორდმა მიმდინარე სეზონის საუკეთესო თამაში ჩაატარა. სტუმართა უკანახაზელმა 30 ქულა და 7 მოხსნა გააკეთა. ორმაგი დუბლი შეასრულა კაირი ირვინგმა (19 ქულა 11 პასი). მასპინძელთა შორის სტეფ კარიმ 23 ქულა მოიპოვა. გოლდენ სტეიტმა, უკანასკნელი ხუთი მატჩიდან, მესამე დაპირისპირება წააგო. ამის მიუხედავად, ოკლენდელები დასავლეთ კონფერენციაში ლიდერობას ინარჩუნებენ. რაც შეეხება ბოსტონს, ეს გუნდი აღმოსავლეთში ისევ მეხუთეა.